ახალი ამბები

ბესელია ოქუაშვილის ჩანაწერების ავთენტურობის და კანონიერების დადასტურებას ითხოვს

1 ოქტომბერი, 2018 • 1661
ბესელია ოქუაშვილის ჩანაწერების ავთენტურობის და კანონიერების დადასტურებას ითხოვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერების შინაარსზე არ ისაუბრებს, ვიდრე მათი ავთენტურობა და კანონიერება არ დადგინდება.

ბესელიას აინტერესებს, არსებობს თუ არა მოსამართლის ნებართვა კერძო კომუნიკაციის ჩაწერის შესახებ.

“მთელი ეს სერიალი, მე მგონია, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, მოდით, სამართლებრივ ჭრილში შევხედავ ამ პროცესს. არც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას ვცდილობდით და არც ახლა, ჩვენს პერიოდში, არ მიმაჩნდა და არ მიმაჩნია, რომ ნორმალური და ჯანსაღია ამ ფარული ჩანაწერების სერიალებად ჩვენება. როგორც იურისტი, პირველ კითხვას ყოველთვის ვსვამდი და ახლაც  ვსვამ – არსებობს თუ არა სასამართლოს ბრძანება?”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადია უკანონო ჩანაწერების როგორც მოპოვება, ისე გავრცელება  და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ასეთი მასალის ეთერში გასვლამდე დასვან კითხვები ჩანაწერის კანონიერებისა და ავთენტურობის შესახებ.

“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არსებობს გადაულახავი ბარიერი, რომელსაც მე პირადად არ გადავაბიჯებ და არ გადავალ შინაარსზე, სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ მექნება. ვიფიქროთ სტანდარტების დაცვაზე”, – განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ იხილეთ აქ:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი