ახალი ამბები

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მოსამართლე სენატის წინაშე წარდგა

28 სექტემბერი, 2018 • 2071
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მოსამართლე სენატის წინაშე წარდგა

აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა 27 სექტემბერს მოუსმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანას და კრისტინ ბლეიზი ფორდს, რომელიც კავანას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

ფედერალური მოსამართლე, 53 წლის ბრეტ კავანა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე დასამტკიცებლად კონგრესს წარუდგინა.

სენატის კომიტეტს ჩვენება ჯერ 51 წლის კრისტინ ფორდმა მისცა. ფორდის თქმით, 15 წლის იყო, როდესაც 17 წლის მთვრალმა კავანამ მისი გაუპატიურება სცადა.

“აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა, ჩემი სამოქალაქო ვალდებულობაა გიამბოთ, რა მოხდა, სანამ მე და ბრეტ კავანა სკოლაში ვსწავლობდით”, განაცხადა მან ემოციური ჩვენების მიცემისას. ფორდის თქმით, იგი 100%-ით არის დარწმუნებული, რომ კავანამ მასზე იძალადა.

ერთ-ერთი სენატორის კითხვაზე პასუხად ფორდმა განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე მოგონებად ამ ინციდენტიდან გამოჰყვა ის შეგრძნება, თუ როგორ დასცინოდნენ ძალადობის შემდეგ კავანა და მისი მეგობარი მარკ ჯაჯი.

ბრეტ კავანამ, რომელმაც სენატს ფორდის შემდეგ მისცა ჩვენება, კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება. Guardian-ის თანახმად,  მოსმენას მსნ “ცირკი” უწოდა.

როგორც Vox წერს, თუკი ადამიანებს აინტერესებთ, თუ რატომ არ გამოდიან საჯაროდ ქალები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გადაიტანეს, სენატის ეს მოსმენა უნდა ნახონ.

Vox-ის ცნობით, პანელზე მსხდომი ყველა სენატორი კაცი იყო, რომლებმაც უარი თქვეს, მოწმედ მოეხმოთ კავანას სკოლის დროინდელი მეგობარი მარკ ჯაჯი, რომელსაც ფორდი ასახელებს მთავარ მოწმედ.

სენატის კომიტეტი 28 სექტემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას, დანიშნონ თუ არა კავანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

ბრალდება დეტალურად

მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე ცნობილი იყო, რომ მოსამართლე კავანა ამ პოსტზე წარსადგენი კანდიდატების საბოლოო სიაში იყო. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა მიიღო წერილი, სადაც აღწერილი იყო 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შესაძლო ძალადობის შესახებ. ავტორი ანონიმურობის დაცვას ითხოვდა. ამ ისტორიამ გაჟონა მედიაშიც. თუმცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ბრეტ კავანა ოფიციალურად წარადგინა და მისი უზენაეს მოსამართლედ არჩევის რეალური შანსი გაჩნდა, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა საჯაროობა არჩია. მან ექსკლუზიური ინტერვიუ The Washington Post-ს მისცა.

როგორც მედიასაშუალება წერს, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს ძალადობაში ადანაშაულებს 51 წლის კრისტინ ფორდი. ის ახლა პალო ალტოს პროფესორია და სტუდენტებს კლინიკურ ფსიქოლოგიას ასწავლის. მისი სამეცნიერო ნაშრომები ცნობილია პროფესიულ წრეებში.

ფორდის მონაყოლის მიხედვით, შემთხვევა მერილენდის გარეუბანში, ერთ წვეულებაზე მოხდა. 17 წლის ბრეტ კავანამ და მისმა თანატოლმა მარკ ჯაჯმა 15 წლის კრისტინ ფორდი მისივე ნების საწინააღმდეგოდ გამოამწყვდიეს საძინებელში. ფორდის თქმით, კავანამ მისთვის ტანსაცმლის გახდა სცადა და მთელი სხეულით ეკვროდა. როდესაც გოგომ კივილი დააპირა, ბიჭმა მას პირზე ხელი ააფარა. “მეგონა, რომ შეიძლებოდა მოვეკალი”, – იხსენებს კრისტინ ფორდი. მისივე ცნობით, მეორე ბიჭი შორიდან უყურებდა. საბოლოოდ, როგორც ფორდი ამბობს, კავანამ მისი გაუპატიურება ვერ მოახერხა, რადგან თავად შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.

წლების განმავლობაში კრისტინ ფორდს ძალადობის შესახებ არავისთვის უთქვამს. მხოლოდ 2012 წელს, როდესაც ქმართან ერთად ფსიქოლოგთან კერძო სეანსზე იყო მისული, იმ დროს თქვა ის, რაც წლების განმავლობაში მის ფსიქიკას ანგრევდა.

“ჩემი უდიდესი შიში იყო კითხვა, ნუთუ ისე გამოვიყურებოდი, რომ თავდასხმა გამოვიწვიე? მე ეს არავისთვის არ მომიყოლია, თითქოს არ მომხდარა”, – ამბობს ფორდი. მან მშობლებისთვისაც არაფერი  უთქვამს, რადგან ვერ გაამხელდა ისეთ წვეულებაზე ყოფნის შესახებ, სადაც არასრულწლოვნები ალკოჰოლს სვამდნენ.

The Washington Post წერს, რომ ფორდმა მედიასაშუალებას გადასცა 2012 წელს ფსიქოლოგთან ჩატარებული კერძო სეანსის ჩანაწერი, სადაც ის აღწერს ძალადობის ფაქტს, თუმცა ბრეტ კავანას სახელს არ ახსენებს.

კრისტინ ფორდმა The Washington Post-ს უთხრა, რომ აქამდე დუმდა, რადგან თავისი ოჯახის დაცვა სურდა ზედმეტი საჯაროობისგან, თუმცა უზენაესი მოსამართლის პოსტზე კავანას დასახელების  შემდეგ მიიჩნია, რომ ამისი ხმამაღლა თქმა მისი სამოქალაქო ვალი იყო.

The Washington Post დაუკავშირდა ბრეტ კავანსა და მის მეგობარ მარკ ჯაჯს, თუმცა არცერთმა არ ისურვა მედიასაშუალების კითხვებზე პასუხის გაცემა. კავანამ ბრალდებების შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელა, რომლითაც “კატეგორიულად” უარყოფს მომხდარს.

14 სექტემბერს სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჩარლზ გრესლიმ გამოაქვეყნა კავანას ნაცნობი ქალების წერილები. ქალები წერენ, რომ კავანას კარგად იცნობდნენ ჯერ სტუდენტობისას – 1979-1983 წლებში.

“35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ბრეტი მუდამ გამოირჩეოდა თავისი ხასიათით, მეგობრობით. ის განსაკუთრებული ღირსებითა და პატივისცემით ექცეოდა ქალებს. ის ასეთი იყო სტუდენტობისას და ასეთად დარჩა დღევანდელობაშიც”, – წერენ კავანას ნაცნობი ქალები.

როგორც CNN აღნიშნავს, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება პროცესები კონგრესში და აირჩევენ თუ არა ბრეტ კავანას უზენაესი სასამართლოს მეცხრე მოსამართლედ. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა ამერიკულ საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმწვავე და სიმძაფრე შეიძინა #MeToo კამპანიისა და ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ამჟამად 8 მოსამართლეა. მეცხრე წევრი, ენტონი კენედი, პენსიაზე 2018 წლის 31 ივლისს გავიდა. ამერიკის კონგრესმა მის შემცვლელად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი