ახალი ამბები

90 დღეში პროექტის მომზადება შესაძლებელია – მერია ვაკის პარკის კონკურსზე

25 სექტემბერი, 2018 • 2155
90 დღეში პროექტის მომზადება შესაძლებელია – მერია ვაკის პარკის კონკურსზე

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის საკონკურსო პირობების კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ 90 დღეში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია. მანამდე, ექსპერტებმა მერია გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ 90 დღეში არათუ პროექტის, არამედ საჭირო კვლევების მომზადებაც კი შეუძლებელია.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილი თქმით, კონკურსის პირობების თანახმად, საპროექტო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში, რაც არ გულისხმობს მთლიანი სამუშაოების დასრულებას აღნიშნულ ვადაში. თუმცა 90 დღეშიც შესაძლებელია წარდგენილი პირობების შესრულება.

„შესაბამისად, პირველ ეტაპზე კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, წარმოადგენენ კონცეფციას, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება. უშუალოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდება და დამთავრდება ყველაფერი ფორმალური კუთხით, აითვლება ის 90 კალენდარული დღე. ამ დროის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა დოკუმენტაცია. რაც შეეხება იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მაგალითად, 90 დღეში შეუძლებელია პროექტის მომზადება, შემიძლია გითხრათ, რომ 9 კომპანიასთან იყო გაგზავნილი შეთავაზება და ყველამ დაადასტურა, რომ ეს შესაძლებელია”, – განმარტავს გიგა გიგაშვილი.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის ახალი საქალაქო პარკი, ეს არის არსებული პარკი, თავისი მასტერპლანით, რომლის შეცვლასაც არ ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაცია. შესაბამისად, იმ არქიტექტურული საპროექტო სამუშაოებისთვის, რომლებიც უნდა მოერგოს არსებულ მდგომარეობას, სავსებით საკმარისია 90 დღე.

“მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულება 3 თვეზე ნაკლებ პერიოდშიც შესაძლებელია, ვინაიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია ამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, ამას ერთი კონკრეტული არქიტექტორი ან ლანდშაფტის დიზაინერი არ აკეთებს. შესაბამისად, ეს იქნება ექსპერტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ამ პროექტს დაამუშავებს და სავსებით შესაძლებელია, რომ 10-15=კაციანმა ჯგუფმა სამ თვეში სრულყოფილი პროექტი შექმნას“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაინტერესებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს გამოცდილება 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თუმცა  შეიძლება გასულ წლებშიც ჰქონდეს კომპანიას გამოცდილება.

“მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, მერიაში ჩატარებულია დაახლოებით 530 ტენდერი და მათშიც ზუსტად იგივე პირობაა ჩადებული, რომ კომპანიებს, რომლებიც მერიის ტენდერში მიიღებენ მონაწილეობას, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოცდილება 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე. ეს არის რეკომენდაცია ცენტრალური შესყიდვების სააგენტოდანაც, რომელიც მიუთითებს, რომ თავად შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, რა პერიოდის გამოცდილებას ანიჭებს უპირატესობას”, – განმარტავს ის.

მისივე სიტყვებით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც იყო მიღებული გადაწყვეტილება მერიაში ცენტრალურ დონეზე, რომ კომპანიას ჰქონდეს გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფირმის აქტუალურობაა.

“მან ზუსტად იცოდეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და არ იყოს ე.წ. მკვდარი ფირმები, რომლებიც კონკრეტული ტენდერისთვის ცოცხლდებიან. გარდა ამისა, თვითონ სატენდერო პირობაში მოცემულია, რომ კომისიამ, რომელიც განიხილავს შემოთავაზებულ კონცეფციას, უნდა წარმოადგენინოს კომპანიას ინფორმაცია დასაქმებული პირების გამოცდილების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ კომპანიას არა მხოლოდ სახელით ვარჩევთ, არამედ იმ პირების მიხედვითაც, რომლებიც უშუალოდ ჩართული იქნებიან პროექტში“, – აცხადებს გიგა გიგაშვილი.

გიგაშვილის თქმით, საკონკურსო კომისიაში, საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, შედიან მერიის ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც თანამდებობრივად ამის ვალდებულება აქვთ, თუმცა გარდა ამისა, მის შემადგენლობაში ასევე არიან დარგის სპეციალისტები.

თბილისის მერია ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობამ საკონკურსო პირობები უკვე გაასაჯაროა, თუმცა მერიის მიერ დაყენებულ კრიტერიუმებს ფართო კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არარეალური პირობების გათვალისწინებით, არსებობს ეჭვი, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, ვინაიდან 90 დღეში ხარისხიანი პროექტის წარდგენა შეუძლებელია.

კრიტიკა მოჰყვა კომისიის შემადგენლობასა და მონაწილე კომპანიისთვის საჭირო სხვა პირობებსაც, რომელთა შორის შედის კულტურულ ძეგლთან მუშაობის გამოცდილებაც.

ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი