ახალი ამბები

დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ – გახარია “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე

27 სექტემბერი, 2018 • 1281
დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ – გახარია “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე

“ომეგა ჯგუფის” სარჩელთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ლონდონში სიამოვნებით ჩავა.

“დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ. დაახლოებით 6 წელია, და დიდი სიამოვნებით ჩავალ ლონდოში. როდესაც ეჭვები არსებობს, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად”, – ამბობს მინისტრი.

“ომეგა ჯგუფის” საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაციით, კომპანია ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლოში უჩივის. ტელეკომპანიამ გაავრცელა “ომეგა ჯგუფის” ბრიტანელი ადვოკატის, კოლინ გიბსონის ინტერვიუ, სადაც ის ამობობს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით ლონდონის სასამართლოში სარჩელი შევა.

ადვოკატის თქმით, მათ მიერ მომზადებულ სარჩელი გიორგი გახარიას, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ტიპის სარჩელს ამზადებს ომეგა ჯგუფი ლონდონში და კონკრეტულად რომელ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი