ახალი ამბები

სკრიპალებზე თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული გრუ-ს პოლკოვნიკია — ჟურნალისტური გამოძიება

27 სექტემბერი, 2018 • 2452
სკრიპალებზე თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული გრუ-ს პოლკოვნიკია — ჟურნალისტური გამოძიება

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში ერთ-ერთი ბრალდებული არის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმარველოს (გრუ) პოლკოვნიკი.

Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ ადამიანი, რომელსაც რუსლან ბოშიროვის სახელით იცნობენ, სინამდვილეში არის გრუს პოლკოვნიკი, სახელად ანატოლი ჩეპიგა. მას ბრიტანეთის პოლიცია სკრიპალების მოწამვლაში სდებს ბრალს, ალექსანდრე პეტროვთან ერთად.

Bellingcat-ის ინფორმაციით, ჩეპიგას, რომელიც ჩეჩნეთის ომის ვეტერანია, რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო 2014 წელს გადასცეს, როდესაც რუსი ოფიცრები უკრაინის კონფლიქტში იყვნენ ჩაბმული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ჟურნალისტურ გამოძიებას “სიყალბე” უწოდა და განაცხადა, რომ ამ ვერსიის დასადასტურებლად არანაირი სამხილი არ არსებობს.

The Guardian-ის ცნობით, თავის მხრივ, ბრიტანეთის გამოძიება ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელსაც ბოშიროვის სახელით იცნობენ, სინამდვილეში მართლაც გრუ-ს თანამშრომელი ანატოლი ჩეპიგაა.

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი თავის ქალიშვილთან, იულიასთან ერთად, მარტში მოწამლეს ქალაქ სოლსბერიში. ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა საჯაროდ გამოჩენისაგან თავს იკავებენ. ფლაკონმა, რომელიც საწამლავის გადასატანად გამოიყენეს, გამოიწვია ერთი მოქალაქის, დონ სტარჯესის სიკვდილი.

ბოშიროვ-ჩეპიგასა და პეტროვის მტკიცებით, ისინი სოლსბერიში იმყოფებოდნენ, თუმცა, მხოლოდ ტურისტული მიზნებით – ცნობილი ტაძრის სანახავად. მათ ასევე უარყვეს, რომ თან ჰქონდათ სუნამოს ჭურჭელი, რომელშიც თითქოსდა მომწავლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” ესხა.

[დეტალებისთვის ნახეთ: სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ვერსია რუსეთის სამთავრობო ტელეარხზე]

ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, ისინი ლონდონში მიმდინარე წლის 2 მარტს ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, 4 მარტს კი ქალაქ სოლსბერიში გაემგზავრნენ, სადაც სკრიპალების მკვლელობას შეეცადნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი