ახალი ამბები

ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა

27 სექტემბერი, 2018 • 1710
ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.

განცხადება მან სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა. პაატა ნადირაძე მადლობას უხდის ჭიათურელ ამომრჩეველს და მეგობრებს გულშემატკივრობისთვის, გადადგომის მიზეზად კი საკრებულოს დეპუტატების ნაწილთან, პოლიციის უფროსთან და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან დაპირისპირებას ასახელებს.

“გვქონდა წარმატებაც, წარუმატებლობაც, შეცდომებიც, ვაღიარებ, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ უღალატია ქალაქისათვის, ღირსებისათვის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის. ღალატის, დაპირისპირებების ფონზე იმ ხალხს, ვინც გვერდით უნდა დაგვდგომოდა, ხელის შეშლის და დაპირისპირების გარდა არაფერი არ გაუკეთებია. ეს საზოგადოებამაც კარგად იცის. საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჭიათურის საკითხზე პარლამენტში ცეცხლი უნდა დაენთო, პოლიციის უფროსს და სხვადასხვა უწყებრივ სტრუქტურებს პირიქით რომ ემოქმედათ და პროვოკაციების მოწყობით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბევრად მეტი წარმატება გვექნებოდა”, – წერს ნადირაძე.

ნადირაძის თქმით, მისი გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში ბჭობდა თანამდებობის დატოვების შესახებ.

“მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ურთიერთობები საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან, მაგრამ ამაოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს შეთქმულება იყო თუ რა ხდებოდა, დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. ამაზე მომავალში ვისაუბრებ. ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები იყო; ის, რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ… ამ რეალობაში მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის, პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა”, – წერს ნადირაძე.

პაატა ნადირაძეს 1998-2000 წლებში ჭიათურის ვიცემერის თანამდებობა ეკავა, 2002-2003 წლებში კი ჭიათურის საკრებულოს წევრი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”. 2015 წლის მარტიდან ბოლო დრომდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, ჭიათურის მერად კი 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი