ახალი ამბები

მანქანის შეღებვის ფასი თბილისში – ის, რაც ტაქსისტებმა უნდა იცოდნენ

26 სექტემბერი, 2018 • 23290
მანქანის შეღებვის ფასი თბილისში – ის, რაც ტაქსისტებმა უნდა იცოდნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა დედაქალაქში ტაქსებისთვის სავალდებულო თეთრი ფერის შემოღების შესახებ სხვა ფერის ტაქსების მძღოლებს ასეულობით ლარი დაუჯდებათ.

ამ ინიციატივის შესახებ კალაძემ დღეს, 26 სექტემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ტაქსებისთვის სავალდებულო თეთრი ფერი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შედის ძალაში. ნეტგაზეთი შეეცადა გაგეო, თუ რა ღირს ავტომობილის გადაღებვა თბილისში.

როგორც ირკვევა, მსგავსი სამღებრო სამუშაოების ფასი განსხვავდება არამხოლოდ კომპანიისა და მანქანის ზომის, არამედ საწყისი და სასურველი ფერების მიხედვითაც. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და რამდენიმე ინდვიდუალურ მეწარმეს და ჰკითხა, თუ რა ღირს სედანის ტიპის ავტომობილის მთლიანად შეღებვა. აღმოჩნდა, რომ ფასი 500 ლარიდან იწყება, ზოგან კი 2800 ლარსაც აღწევს.

თუ მფლობელმა მანქანის შეღებვა მცირე ზომის სახელოსნოში გადაწყვეტა, აქ მსგავსი სერვისი 500-დან 800-1000 ლარამდე მერყეობს. ფასი განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ რა ხარისხის საღებავს აარჩევს მანქანის მეპატრონე. როგორც მცირე ზომის სახელოსნოებში გვითხრეს, იმ შემთხვევაში, თუ საღებავს თავად მომხმარებელი შეიძენს და ხელოსანს მიუტანს, მას მცირე ფასდაკლება ეკუთვნის.

რაც შეეხება შედარებით მსხვილ კომპანიებს, აქ ფასები უფრო მაღალია. მაგალითად, “ტოიოტას ცენტრში” 1 ნაჭრის [იგულისხმება ავტომობილის ესა თუ ის ნაწილი, მაგ. კარი], შეღებვა 200 ლარი ღირს. თუმცა ფასი, შეიძლება უფრო მაღალიც იყოს იქიდან გამომდინარე, თუ რომელ საღებავს შეარჩევს მომხმარებელი, რა ზომის მანქანა ჰყავს მას და რა ფერი იყო ის თავდაპირველად.

დაახლოებით იგივე ფასია “კავკასიის ავტოსერვისში”, სადაც ერთი ნაჭრის შეღებვა 150 ლარი ღირს, ხოლო მთლიანად მანქანის შეღებვა 1800 ლარამდე ჯდება.

კალაძის თქმით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყება. სწორედ ამ თარიღიდან ყველა ტაქსის მანქანა თეთრი უნდა იყოს, არ ჰქონდეს მარჯვენა საჭე და 4-ზე ნაკლები კარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი