ავტორიზაციის სადავო კანონპროექტს მისი ერთ-ერთი ავტორი არ ეთანხმება

კანონპროექტს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელთა ნაწილისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს, მისი ერთ-ერთი ავტორი გია ჟორჟოლიანი მხარს არ უჭერს.

პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ პირადი (ჯანმრთელობის) მიზეზების გამო შინაარსის სათანადოდ გაცნობა ვერ მოახერხა და სწორედ ამიტომ მოხვდა მისი სახელი და გვარი კანონპროექტის ავტორების ჩამონათვალში.

“პრინციპულად წინააღმდეგ ვარ ამ კანონის მიღების. ეს კანონი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს უნივერსიტეტებს. დისკრიმინაციული იქნება მათ მიმართ, ვინც ავტორიზაცია ვერ გაიარა და მათ მიმართაც, ვინც ავტორიზაციის პროცესი უკვე დაასრულა”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

კანონპროექტი პარლამენტში 17 სექტემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მასში ნეპოტიზმის ნიშნები დაინახეს, 19 აგვისტოს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ ამ სასესიო კვირაში პარლამენტი კანონპროექტს არ განიხილავდა. ამის მიზეზად ირაკლი კობახიძემ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები დაასახელა.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი პერიოდი, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებიც ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით,  ამ ცვლილებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არათანაბარ მდგომარეობაში იქნებიან. კონკრეტული უნივერსიტეტების ინტერესებზე საუბრობს “ევროპული საქართველოს” წევრი  სერგო რატიანი.

პარლამენტის წევრის თქმით, ეს ორი უნივერსიტეტი არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ევრორეგიონული უნივერსიტეტი. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კანონპროექტის ერთ – ერთი ავტორის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ნათესავი მუშაობს. მარიამ ჯაში ნეპოტიზმის საკითხს უარყოფს და აცხადებს, რომ ცვლილება არ ეხება კონკრეტულ უნივერსიტეტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.