ნეტგაზეთი | კობა ნაყოფია: რუსეთში უნდა იცხოვრო, რომ ევროპული ფასეულობები უფრო შეგიყვარდეს კობა ნაყოფია: რუსეთში უნდა იცხოვრო, რომ ევროპული ფასეულობები უფრო შეგიყვარდეს – Netgazeti

კობა ნაყოფია: რუსეთში უნდა იცხოვრო, რომ ევროპული ფასეულობები უფრო შეგიყვარდეს

“ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ რუსებს უყვართ ქართული ხაჭაპური და ხინკალი, ეს ძალიან მცდარი აზრია, არანაკლებად მოსწონთ ევროპელებს ჩვენი სამზარეულო, ქართული კულტურა. ევროინტეგრაცია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, ჩვენც ევროპელები ვართ და ჩვენს კულტურასაც შეხედეთ,” – აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც 12 წელი ცხოვრობდა რუსეთში და რომელსაც “ნეტგაზეთი” ევროპასა და ევროინტეგრაციაზე ესაუბრა.

კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია

ბატონო კობა, ევროპის რამდენ ქვეყანაში ყოფილხართ?

 

მე ხშირად ვმოგზაურობ ევროპაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. კონკრეტულ რიცხვს ნამდვილად ვერ დაგისახლებთ.

 

მაგალითად, 20–ჯერ, თუ უფრო ბევრჯერ?

 

ჯამში, ბევრად მეტჯერ.

 

პირველად სად იმოგზაურეთ ევროპაში და როდის?

 

პირველად ჩემს ცხოვრებაში ევროპაში 1991 წელს ვიყავი: ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და შემდეგ მანქანით გადავედით ბუდაპეშტში.

 

რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?

 

მე მაშინ 22 წლის ვიყავი და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იქ არსებულმა ცხოვერების წესმა და არქიტექტურამ დატოვა. ჩემთვის ეს ახალი ხილი იყო, რადგან პირველად გავცდი საბჭოთა კავშირის საზღვრებს და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველაფერს. დაახლოებით 10 დღე ვიყავი იქ და მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული დავდიოდი ქუჩებში.

 

კონკრეტულად რამ გაგაკვირვათ?

 

პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის თვალი ქმნის. ვენა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში თავისი არქიტექტურით თუ ურბანული მოწყობით. ეს დიდი ისტორიის ქალაქია. ამიტომ, პირველ რიგში, არქიტექტურით მოვიხიბლე. იგივე შემიძლია ვთქვა ბუდაპეშტზეც, რომელიც ასევე ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია. მეორე – ეს იყო ხალხი. ქართვლები ყოველთვის თბილები ვიყავით. დღესაც ნებისმიერი ქართველი რომ ქუჩაში გააჩერო და სთხოვო, რომ ესა თუ ის შენობა მიგასწავლოს, შეიძლება ბოლომდეც მიგყვეს. მე საოცრად გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ანალოგიური მოპყრობა ვიგრძენი ევროპელების მხრიდანაც, რასაც ვერ ვიტყოდი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქალაქზე, თუნდაც მოსკოვზე.

 

საქართველოში პირიქით, სხვა მოსაზრებას მოისმენთ, რომ ევროპელები არამეგობრული, ცივი ადამიანები არიან და ა.შ.

 

ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მითია. პირიქით, მე იქ თავი მართლა ევროპელად ვიგრძენი. მათთან ჩვენი მსგავსება ზუსტად ამ სითბოში დავინახე. ავსტრია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის საზღვარზე მდებარეობს, კლიმატური პირობებითაც ვერ გეტყვით, რომ ძალიან თბილი ქვეყანაა. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ გერმანელები, ავსტრიელები საშინელი ხალხია, საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის მიხედვით, ისინი ცივები იყვნენ, იქ ადამიანი ადამიანის მტერია, ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ა.შ. ასეთი პროპაგანდა არსებობდა საბჭოთა კავშირში და ვენაში ჩასვლის პირველსავე დღეს ჩემთვის ეს მითი დაინგრა. ვნახე, რომ სინამდვილეში იქ ყველა გიღიმის; თუ რაღაცას ეკითხები, გპასუხობს, არ ეზარება, მით უმეტეს, როცა ხედავს, რომ ტურისტი ხარ; მას უხარია, რომ შენ მის ქალაქს ათვალიერებ, მის ეკონომიკაში ფულს ხარჯავ, როგორც ტურისტი, და კარგად ხვდება, რომ ეს მისთვისაც კარგია. რა თქმა უნდა, ასევე მოვიხიბლე სერვისით, სადაც არ უნდა მისულიყავი, სასტუმრო იქნებოდა ეს თუ რესტორანი, მომსახურების ხარისხით გაოცებული ვიყავი: მაგიდაზე თეფშს არავინ გიგდებდა და 3 საათი არ გიწევდა ლოდინი, რომ ვინმე მოსულიყო და თეფში გამოეცვალა. ჩვენ ზოგჯერ ვიცით ხოლმე იმის თქმა, რომ რატომ უნდა ვიყო მოსამსახურე და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, ჩვეულებრივი სამსახურია, ამის არ უნდა გვრცხვენოდეს, ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა მუშაობდეს, თავისი სამსახურის არ უნდა რცხვენოდეს… პირიქით, უნდა ვცდილობდეთ, რომ პასუხისმგებლობით მივუდგეთ იმ საქმეს, რასაც ვემსახურებით.

 

აქვე მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უნგრეთმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაინც ეტყობოდა საბჭოთა კავშირის კვალი, თუნდაც იგივე სერვისებში და სხვა პატარა დეტალებში. მე მას შემდეგ კიდევ ვიმოგზაურე უნგრეთში და დღეს ეს არის სუფთა ევროპული და არაჩვეულებრივი ქვეყანა. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც განიცდიან ძალიან დიდ პროგრესს. მე შარშან ბულგარეთში გახლდით, მანამდეც ვყოფილვარ იქ და მინდა გითხრათ, რომ საოცარი სხვაობაა: ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, წესრიგის თვალსაზრისით. მე მახსოვს ბულგარეთი, როდესაც ქუჩაში ხდებოდა ყაჩაღობები და კრიმინალის ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ დღეს აშკარად ჩანს პროგრესი.

 

თქვენი პირველი ვიზიტი რას უკავშირდებოდა ვენაში?

 

ეს იყო წმინდა ტურისტული ვიზიტი. ჩემი მეგობარი მიდიოდა, მე ეს სრულიად შემთხვევით გავიგე, მაშინ რაღაც ტურისტული ჯგუფით მიემგზავრებოდნენ, მეც მოვინდომე და წავედი.

 

ცოტა რთულად იყო ხომ იმ პერიოდში ვიზების აღების საკითხი?

 

რა თქმა უნდა, დოკუმენტები ჩადიოდა მოსკოვში და ისე კეთდებოდა ვიზა.

 

არალეგალური გზით თუ გიმოგზაურიათ ევროპაში?

 

არასოდეს. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ყოველთვის ვეწინააღმდეგები ასეთ შეპარვებს და რაღაც ქმედებებს მაშინ, როცა არსებობს გზა, რომ ლეგალური გზით შეხვიდე ქვეყანაში.

 

ბატონო კობა, თქვენი ბიზნესგამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ადვილია ევროპელ ბიზნესმენებთან ურთიერთობების დამყარება და თუ შეიძლება ამ თვალსაზრისით პარალელი რომ გაავლოთ რუსეთთან, სადაც ასევე გაქვთ მუშაობის გამოცდილება…

 

ეს ძალიან საინტერესო თემაა. ბიზნესის კეთების ტრადიცია ევროპაში ბევრად უფრო დახვეწილი და გამობრძმედილია, ვიდრე რუსეთში, სადაც ბიზნესი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღმოცენდა. ამ კუთხით ჩვენ და რუსეთმა პირველი ნაბიჯები პრაქტიკულად ერთდროულად გადავდგით. მე მახსენდება რუსეთში ის პერიოდი, როდესაც ბიზნესში ყოფნა ძალიან სახიფათო იყო. მე მოსკოვში ვცხოვრობდი 1992 წლიდან 2004 წლამდე და ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც საღამოს ტელევიზორს ვრთავდით, თითქმის ყოველდღე გადიოდა ნიუსები იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ბიზნესმენი რომელიღაც ქუჩის კუთხეში ან სადარბაზოში მოკლეს, დაჭრეს და ა.შ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, საავადმყოფოში მიჰყავდათ ხოლმე, სადაც ან გადარჩებოდა, ან არა. ეს ძალიან რთული პერიოდი რუსეთმა გაიარა, სანამ ბიზნეს–ინტერესების გადანაწილების პროცესები მიმდინარეობდა. ეს პერიოდი არა მხოლოდ რუსეთმა, პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებმაც გაიარეს. ამიტომ ძალიან ძნელია, რომ რუსეთის ბიზნესი ევროპულ ბიზნესს შეადარო.

 

ევროპაში ბიზნესის წარმოების კულტურა, ურთიერთობების პროცესი უკვე ჩამოყალიბებულია და ბევრად დახვეწილია, ვიდრე რუსეთში. ევროპაში ყველაფერი აგებულია ადამიანის თუ კომპანიის რეპუტაციაზე, რაც პოსტსაბჭოთა მიდგომისაგან განსხვავდება. მე მიხარია, რომ ჩვენ საქართველოში ზუსტად ამ პრინციპებს ვიზიარებთ და ქართული ბიზნესი ევროპული სტანდარტებისაკენ მიისწრაფვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არათუ დაემსგავსოს ქართული ბიზნესი ევროპულს, არამედ ზუსტად ისეთი სტანდარტი დავნერგოთ. საკუთრების უფლების პატივსცემა – ეს უმთავრესი ღირებულებაა, რაც, სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ბიზნესს ჯერ არ ახასიათებს, სადაც ხშირია ბიზნეს–ინტერესების გადანაწილების პროცესები. ეს ევროპულ ბიზნესს არ ახასიათებს, იქ ყველაფერი კალაპოტშია ჩამდგარი და ზურგს უდიდესი ტრადიცია თუ ჩამოყალიბებული ხასიათი უმაგრებს. მე მქონდა ბიზნესგამოციდლება პოსტსაბჭოთა სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართული ბიზნესი ბევრად უფრო ცივილურია. საქართველო ამ კუთხით ბევრად წინ მიდის და ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ მართლა ევროპელები ვართ.

 

საერთოდ ევროპელები ძალიან ფრთხილად უყურებენ ხოლმე ისეთ ქვეყნებში შესვლის საკითხს, რომელზეც ფიქრობენ, რომ ჯერ მათი სტანდარტების შესაბამისი სტაბილური სიტუაცია არ არსებობს. როდესაც შენი ქვეყის 20% სხვა ქევყანას აქვს ოკუპირებული და სხვა ფაქტორები, რა თქმა უნდა, ბიზნესს გარკვეულწილად ბარიერს უქმნის. საინვესტიციო გარემო არ შედგება მხოლოდ იმ კარგი კანონებისაგან, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და სერვისით მაქსიმალურად მიმზიდველი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ოკუპაციის ფაქტი ევროპული ბიზნესისთვის რისკის შემცველია, მაგრამ რატომ ვიძახი ამას… მაგალითად, რუსი ბიზნესმენი ამ ფაქტორებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და მეტ რისკს იღებს თავის თავზე, მაგრამ მსოფლიო გლობალიზაციისაკენ მიდის, მსხვილი ბიზნესები ერთიანდებიან და ყველა გზა ევროპისკენ მიდის. ევროპამ შექმნა ის სტაბილური ცენტრი, სადაც შენ შეგიძლია ყოველთვის იპოვო სამართალი. რატომაა, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საარბიტრაჟო დავებისთვის ლონდონს იყენებენ და არა მოსკოვს? ბიზნესს რისკების მინიმალიზება უყვარს. პირველ ეტაპზე, სანამ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი რისკია, ვიდრე სხვაგან ევროპაში, მეზობელი შემოდის, რადგან მენტალურად უფრო ახლოსაა შენთან, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეეშლება. დამერწმუნეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ევროინტეგრაციის პროცესში ევროპის ბიზნესის წილი საკმაოდ გაიზრდება ჩვენთან. ამიტომაა საჭირო, რომ საქართველ სწრაფად გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც ჩვენი დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები იქნება. ეს მეზობლის მხრიდან ოკუპაციის და აგრესიის რისკს გარკვეულწილად მოხსნის.

 

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველი ბიზნსმენები რუს ბიზნესმენებს უფრო ადვილად უგებენ, ვიდრე ევროპელებს. თქვენ თვითონ თქვით, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოება ძალიან სახიფათო იყო 1990-იან წლებში, თუმცა თქვენ სწორედ ეს ქვეყანა აირჩიეთ მაშინ და არა ევროპა…

 

ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპაში რაღაც ბიზნესი ამეწყო. იმ პერიოდის და ახლანდელი კობა ნაყოფია ერთმანეთისაგან განსხვავდება. მე არ შევცვლილვარ, მაგრამ განვიცადე პროგრესი, ეს ნორმალურია – ადამიანი განიცდის პროგრესს. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც 23 წლის ასაკში მქონდა, ვერ უზრუნველყოფდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესი ევროპაში მეწარმოებინა, მაგრამ დღევნდელი ახალგაზრდობა სულ სხვა საქმეა, დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს უცხოეთში, ბევრი ახალგაზდა თბილისში სწავლობს, სადაც რამდენიმე კარგი უმაღლესი სასწავლებელი არსებობს, მათ შორის ევროპული სტანდარტებისაც კი. ამ ახალგაზრდებს, მე მგონი, ბევრად უფრო აქვთ გზა გახსნილი, რომ თავიანთი საქმიანობა ევროპულ ქვეყნებსაც დაუკავშირონ. ჩვენ ენის ბარიერიც გვქონდა. მე აფხაზეთში გალის მე-3 საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩემი ცოდნა ენების კუთხით არ იყო მაღალი სტანდარტის შესაბამისი. მე გამიჭირდებოდა იქ წასვლა და ბიზნესის კეთება.

 

რა სახის ბიზნესი გქონდათ მაშინ რუსეთში და რატომ ვერ გამოვიდოდა ეს საქმე ევროპაში?

 

რა სახის ბიზნესი უნდა მქონოდა აქედან წასულ ადამიანს?! – აქ ვიყიდე – იქ გავყიდე. ეს იყო ჩემი ბიზნესი… უნდა მოგეძებნა რაღაც, მერე ის სადღაც გაგეყიდა და ასე გენახა მოგება. ზოგადად, მთელი ბიზნესი, მე თუ მკითხავთ, სწორედ ვაჭრობაზეა აწყობილი. ვაჭრობა ეკონომიკის განვითარების ყველაზე მთავარი სეგმენტია.

 

დღეს გაქვთ რუსეთში დარჩენილი რაიმე სახის ბიზნეს-ინტერესები?

 

არა.

 

თუ გაქვთ მიახლოებითი გათვლები, რას მოუტანს ეკონომიკაში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ის ხელშეკრულება, რომელიც თავისუფალ, ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ურთიერთობებსაც ითვალისწინებს?

 

პირველი, როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ მენტალურად ახლოს ვართ ევროპელებთან. ჩვენ მივიღებთ დიდ სიამოვნებას ამ ღირებულებების და ფასეულობების თვალსაზრისით. ჩვენ სურვილი გვაქვს შევუერთდეთ იმ დიდ ოჯახს, რომლის წევრებიც ისტორიულად ვართ. იქ არის ჩვენი ადგილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანამ რაღაც საქმიანობას დაიწყებ, გარკვეულ კომფორტს უნდა გრძნობდე, ეს კი სწორედ დიდი სიამოვნების და კომფორტის მომტანი პროცესი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. მეორე, აბსოლუტურად სხვა ასაპრეზები გვეხსნება ამით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი, სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტია. მე ვერ გეტყვით, რომ ამ შეთანხმების გაფორმების მეორე დღიდანვე ქვეყანაში ქარხნები სოკოებივით გაჩნდება, მაგრამ პირველ ეტაპზე მე ველოდები ამწყობი საწარმოების გამრავლებას. ბევრი ქვეყანა არსებობს, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე ასეთი წვდომის საშუალება არ აქვს, ხომ?

 

მაგალითად?

 

ჩინეთი… ეს არის უაღრესად მშრომელი ხალხის ქვეყანა, ძალიან ბევრ პროდუქტს აწარმოებენ, მაგრამ ევროპულ ბაზარზე შესვლის თვალსაზრისით გაკრევული შეზღუდვები აქვთ, ასევე, ამერიკის ბაზარზეც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთანაც გვქონდეს მსგავსი თავისუფალი სავჭრო ხელშეკრულება. თუ ჩვენ ორივესთან დავდებთ შესაბამის ხელშეკრულებას, ეკონომიკური ზრდის კუთხით საოცარ ნახტომს გავაკეთებთ.

 

დავუბრუნდეთ ჩინეთს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ თქვენეული სქემა, რას გააკეთებს იგივე ჩინელი ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოს ტრამპლინად გამოყენება ენდომება ევროკავშირის ბაზრისკენ?

 

მოვა აქ და პირველ ეტაპზე გააკეთებს ამწყობ საწარმოს. ქვეყანაში აუცილებლად გვჭირდება კვალიფიციური კადრები. მოდით ვაღიაროთ, გვაქვს ეს პრობლემა. მეც ხშირად მაქვს ხოლმე ეს პრობლემა, რომ ეს როგორ არ ვიცი, მაგრამ მერე ჩემს თავს ვეუბნები, რომ გამოდი რა აქედან-მეთქი. ჩვენ გვრცხვენია, რომ რაღაცაზე ვთქვათ – არ ვიცი. ე.წ. “ვსიოზნაიკები” ვართ. კვალიფიციური კადრი ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. იმის მოლოდინი არ უნდა გქვოდეს, რომ ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობები მეორე დღესვე დაიწყება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამწყობი საწარმოები პირველი ნაბიჯები იქნება. როცა ადამიანი ამწყობ საწარმოში იწყებს მუშაობას, ის რაღაც კვალიფიკაციას იძენს და შეგიძლია ასე უფრო მეტიც შექმნა. თან სისწრაფის მომენტიც მნიშვნელოვანია. ვინც ბაზარზე პირველი შედის, ის უფრო სწრაფად იხურავს, ამიტომ ასეთი სწრაფი შესვლა ამწყობი საწარმოების გახსნით იქნება შესაძლებელი.

 

უფრო რომ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ამწყობ საწარმოში და ამით ევროკავშირში შესვლაში?

 

დავუშვათ, მე რაღაც დანადგარს ვაწარმოებ, ეს დანადგრი შედგება ჭანჭიკებისაგან და სხვა კონსტრუქციებისაგან. მე ამას ნაწილ-ნაწილ გამოვაგზავნი საქართველოში, აქ ავაწყობ, ფინიშინგს აქ გავაკეთებ, მივაწერ, რომ დამზადებულია საქართველოში და შევიტან ევროპულ ბაზარზე. ამით დაიწყება ყველაფერი, ჩემი აზრით, რადგან ეს ყველაზე სწრაფი გზა არის ამ ბაზრამდე მისასვლელად. ხვალ შეიძლება ამას მთელი ციკლის აწყობაც მოჰყვეს, მაგრამ მე რომ უცხოელი ვიყო და საქართველოს მეშვეობით ევროპულ ბაზარზე შესვლა მინდოდეს, პირველ რიგში, ამის სწრაფად გაკეთებას ვეცდებოდი, ამწყობ საწარმოს გავხსნიდი  და მერე მოვაყოლებდი მთელ საწარმოო ციკლს.

 

რაც შეეხება ქართული წარმოების განვითარებას, იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქციას…

 

რა თქმა უნდა, ესეც. განვითარდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ძალიან კარგი იქნება, თუ მეტი ახსნა-განმარტებები გაკეთდება იგივე სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისაგან, რა და როგორ მოხდება. დიდი ბიზნესებისათვის ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ წვრილმა მეწარმემ შეიძლება არ იცოდეს, რას აძლევს  მას ევროინტეგრაცია. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, თუ როგორ გამოვიყნებეთ ჩვენ ამ შესაძლებლობას, რამდენად “სმარტები” აღმოვჩნდებით და შევძლებთ თუ არა ამ ბენეფიტების სწრაფად ათვისებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

ბატონო კობა, ნეგატიური მოსაზრებებიც არსებობს ევროკავშირის შესახებ საქართველოში, რასაც შეგვიძლია სტერეოტიპებიც დავარქვათ, რომ ქართველობას წაგვართმევენ, ჩიპებს ჩაგვიდგამენ და ა.შ. რა შეგიძლიათ, რომ ამ ადამიანებს უთხრათ?

 

მოდით ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ჟურნალში ამოვიკითხე ქართველი პუბლიცისტის ციტატა, რომელიც ძალიან მომეწონა: ქართველობას წაგვართმევენ? – რაში სჭირდებათ? როგორ უნდა წაგვართვან ქართველობა, წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?

კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია

 

ეს ქართველობის წართმევა შეიძლება ძალიან უტრირებულად გამომივიდა, მეორე მოსაზრება ავიღოთ: რაღაც ტრადიციული ღირებულებების ინტეგრირება ვერ მოხდება ევროპაში…

 

კონკრეტულად რომლის?

 

მაგალითად, მართლმადიდებლურის.

 

არავითარ შემთხვევაში. ევროკავშირი ზუსტადაც რომ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შენს არჩევანში უფრო მეტად თავისუფალი იყო. ევროპელობა არანაირად არ ნიშნავს, რომ რწმენაზე უარი ვთქვათ. ეგ არის სრული აბსურდი. პირიქით, ევროპელობა ნიშნავს, რომ შენ იყო თავისუფალი არჩევანში, თავისუფალი ყოველგვარი ზემოქმედებისაგან, რაც ამ არჩევანს შეგიზღუდავს, ევროპელობა პირიქით, შენი კულტურის მსოფლიოსთვის უფრო მეტად გაცნობის საშუალებას ნიშნავს. დამიჯერეთ, ევროპელები ქართულ სამზარეულოს უფრო კარგად აღიქვამენ, ვიდრე რუსები, ეს მე თვითონ დავინახე. ჩვენ ვითომ გვგონია, რომ მხოლოდ რუსებს უყვართ ქართული ხაჭაპური და ხინკალი, ეს ძალიან მცდარი აზრია, არანაკლებად მოსწონთ ევროპელებს ჩვენი სამზარეულო, ისევე როგორც არანაკლებად მოსწონთ ქართული კულტურა, სიმღერა, ცეკვა და ა.შ. ევროინტეგრაცია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, ჩვენც ევროპელები ვართ და ჩვენს კულტურასაც შეხედეთ. დამერწმუნეთ, რომ ევროპელებმა ამის დაფასება უფრო მეტად იციან, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცემ. ქართველებს ზოგჯერ რაღაცების რიდი გვაქვს ხოლმე, რომ აი, ისინი ჩვენ როგორ გაგვიგებენ… არ არის მასე: ვინმემ მიუტანა რაღაც აჩვენა და ვერ გაუგეს? მე არ მქონია ეგეთი შემთხვევა. ანშლაგებით ტარდება ჩვენი ანსამბლების კონცერტები ევროპის ქვეყნებში. რატომაც არ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა, ჩემთვის გაუგებარია, ვინ რა უნდა წაგვართვას, ვის რაში სჭირდება?! არავინ არაფერს არ გვართმევს.

 

როდესაც შემოვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი პარლამენტში, დაუჭერს თუ არა მას მხარს დეპუტატი კობა ნაყოფია?

 

ყველანაირ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება, კობა ნაყოფია მხარს დაუჭერს. ეს არის 2*2=4.

 

ბატონო კობა, ისე აღტაცებით საუბრობთ ევროკავშირზე, რომ არ შემიძლია არ გკითხოთ, თქვენ ამდენი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდით, გქონდათ ბიზნესი, მუშაობდით. დღეს რატომ გაქვთ ასეთი კარდინალურად გასნხვავებული და რადიკალური დამოკიდებულება, რა შეიცვალა?

 

ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: რუსეთში უნდა იცხოვრო, რომ ევროპული ღირებულებები და ფასეულობები უფრო შეგიყვარდეს. იქ უნდა იცხოვრო ამისთვის. რუსეთში ცხოვრების წესი გასწავლის ამას და ის ურთიერთობები გასწავლის, რომ არა, ეს არ არის შენი. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ქართველების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს, ჩვენზე მეტად ევროპელია შინაგანად. ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ იქ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან უხარია. ბევრი მათგანს იქ ცხოვრება აწყობილი აქვს, სხადასხვა ტიპის დაბრკოლებები აქვს, ეშინია… სხვათა შორის, კიდევ ერთი პლუსი ამ ხელშეკრულების არის ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციამ მომავალში შეიძლება ბევრი წარმატებული ქართველის სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს. კი – უყვარს თავისი ქვეყანა, კი – უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ იქ რაღაც აქვს აწყობილი და ვერ რისკავს დაბრუნებას, მაგრამ როდესაც ის დაინახავს, რომ მისი ქვეყანა ცივილური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ნაწილია, რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი ჩამოვა აქ.

 

იგივე მინდა გკითხოთ თქვენ და ეს შეიძლება სხვა ადამიანებსაც ეხებოდეს, მაშინ რატომ ცხოვრობდით ამდენი ხანი იქ, რატომ მუშაობდით თუ ასეთი დამოკიდებულება გქონდათ რუსეთის მიმართ?

 

წარმოიდგინეთ 1992 წელი. ამ დროს რა უნდა გეკეთებინა საქართველოში?! ჰკითხეთ თქვენ მშობლებს და ისინი ზუსტად გეტყვიან, რატომ გადიოდა ხალხი საქართველოდან მაშინ… მე მარტივად წამოვედი რუსეთიდან. არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყოველთვის მიჯაჭვული ვიყავი საქართველოზე, ყოველთვის ვფიქრობდი, როდის დადგება დრო, რომ იქიდან წამოვიდე… შემდეგ დადგა ეს დრო და წამოვედი.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ…

 

დიახ, 2004 წლის ბოლოს ჩამოვედი მე. ბევრი ქართველი, ვინც დღეს უცხოეთში ცხოვრობს, შეიძლება მზად არ იყო, ან ვერ გარისკა, მაგრამ ევროინტეგრაცია ისეთი რამაა, რაც უკვე ბევრ ადამიანს დააფიქრებს. მე შარშან ბულგარეთში ვიყავი და იქ ვნახე ჩემი მეგობარი მოსკოვიდან. ის ადამიანი არ არის ისეთი მდიდარი, რომ სახლი სამხრეთ საფრანგეთში იყიდოს, თუმცა ბულგარეთში შეიძინა ბინა და მე ვკითხე, რატომ ბულგარეთი-მეთქი? აქ იმიტომ ვიყიდე, რომ ეს ევროკავშირის ქვეყანაა, ახლა რეზიდენტის სტატუსს ვიღებ და შემდეგში მოქალაქეც გავხდებიო. ვკითხე: რაში გჭირდება-მეთქი და მიპასუხა, აბა, რუსეთში დავრჩეო? ევროინტეგრაციას დეველოპერული ბიზნესის განვითარება საქართველოშიც მოჰყვება. ბევრი მოისურვებს, რომ აქ ჰქონდეს ადგილი, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბინა იტალიაში, ესპანეთში ან საფრანგეთში იყიდოს.

 

ჩვენთან რატომ მოისურვებენ?

 

რატომაც არა. ევროინტეგრაციამდე რამდენმა უცხოელმა იყიდა გნებავთ მიწები, გნებავთ ბინებიც: ბათუმში, თბილისში – ძალიან ბევრმა, მათ შორის უცხოეთში მყოფმა ქართველებმაც. მოლოდინმა, რომ ეს ქვეყანა ევროპისკენ მიდის და ვითარდება, უკვე შექმნა პრეცედენტები. დღესაც გრძელდება ეს პროცესი. მე ვიცი, რომ ბევრი უცხოელი ყიდულობს საქართველოში რაღაცას. ეს იმდენად ახლა არ ჩანს, როგორც შემდგომში გამოჩნდება.

 

ამაზეც არსებობს რაღაც წინააღმდეგობრივი მოსაზრებები, რომ მთელი ქვეყანა გაყიდეს და ა.შ.

 

ჩვენ ამას ასე არ უნდა შევხედოთ. საქართველოს არავინ ყიდულობს, შენ გაქვს შენი საზღვარი, ქვეყანა, ტერიტორია, ეს ყველაფერი შენია. ვიღაც რომ მოდის და სახლს ყიდულობს შენთან, ეს ნიშნავს იმას, რომ მას უნდა გახდეს შენი ნაწილი. თავის საცხოვრებელს ცვლის და შენთან გადმოდის. ასე უნდა ვუყუროთ ამ საკითხს. შენს ქვეყანაში რომ ფული იდება, ის სახლი, რომელსაც ვიღაც ყიდულობს, ადამიანებმა ხომ ააშენეს, ამაში ხელფასი მიიღეს, ასეთი რამ უნდა გვიხაროდეს, რაც უფრო მეტი ტურისტი, უცხოელი ჩამოვა საქართველოში, რაც უფრო მეტი უცხოელის სახლი აშენდება აქ, მით უფრო მდიდრები ვიქნებით ჩვენ.

 


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უკვე პარაფირებულია და აგვისტოში სავარაუდოდ მხარეები ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც   საჭიროა  საქართველოს პარლამენტში ამ დოკუმენტის  რატიფიცირება.  “ნეტგაზეთმა”  გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერიასაქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მათი პერსონალური გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი