სოხუმში “ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 25 წლისთავისთვის” ემზადებიან. სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, რომლებიც 30 სექტემბერს გაიმართება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობასა და მის მიმდებარედ აფხაზურ სიმბოლიკიანი ბანერები გააკრეს, რომლებიც სოჭში სპეციალურად დაბეჭდეს.
30 სექტემბერს ამავე მოედანზე აღლუმი გაიმართება, რისთვისაც ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად ემზადებიან. ასევე, იგეგმება საბავშვო მუსიკალური ჯგუფების წარმოდგენები.
ოფიციალური ინფორმაციით, სადღესასწაულო ატრიბუტიკით მოირთვება სოხუმის ცენტრალური ნაწილებიც. ომში გამარჯვების 25 წლისთავისთვის სოხუმის მიმდებარედ გზების გარკვეული მონაკვეთებიც გარემონტდა.
















1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში 13 თვეს გაგრძელდა. 27 სექტემბერი ორ ქალაქში- სოხუმსა და თბილისში განსაკუთრებით აღინიშნება. აფხაზებისთვის ის სოხუმის განთავისუფლების დღეა, ხოლო ქართველებისთვის – სოხუმის დაცემის.
