საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) გამოაქვეყნა პროექტი სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, გაუქმებისა და რეგულირების წესების შესახებ. სებ-ის თანახმად, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებს, კომენტარებსა და შენიშვნებს 27 სექტემბრამდე მიიღებენ. ამის შემდეგ კანონპროექტი, სავარაუდოდ, პარლამენტში შევა.
სესხის გამცემი სუბიექტია ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება, მაგალითად, ბანკები, ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
პროექტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის ან მისი ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს:
- არანაკლებ 20 კვადრატული მეტრისა;
- აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით — კომპიუტერული ტექნიკით, სიგნალიზაციით, “საოპერაციო და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით”;
- იზოლირებული სხვა ობიექტებისგან;
- უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი სგს-ს საოპერაციო ფართში მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის და ავტოსადგურები).
- უნდა ჰქონდეს საოპერაციო ფართში იზოლირებული სალაროს კვანძი, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით;
- ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა უნდა შეინახონ ბანკში.
- ძვირფასეულობის გარდა სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმდაგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფაში არსებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია.