ახალი ამბები

მეუფე იაკობი ადასტურებს, რომ მარიხუანას საკითხზე “გადაწყვეტილების მიმღებ” პირს შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 • 3232
მეუფე იაკობი ადასტურებს, რომ მარიხუანას საკითხზე “გადაწყვეტილების მიმღებ” პირს შეხვდა

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით მას “გადაწყვეტილების მიმღებ პირთან” შეხვედრა ჰქონდა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, 16 სექტემბერს საპატრიარქოს მიერ მოწყობილი მსვლელობის შემდეგ, მეუფე იაკობს შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც მარიხუანის კანონპროექტის საკითხი განიხილეს. აღნიშნული იაკობმა იმის შემდეგ განაცხადა, რაც განმარტა, რომ ილია მეორესთან იმ დროს არ იმყოფებოდა, როდესაც მან სასულიერო პირებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ წერილობითი განცხადებით მოუწოდა.

“ერთ ადგილას ვიყავი, როდესაც პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა… არავითარი კონსპირაცია. იყო გადაკვეთის წერტილები, თუმცა, რა მნიშნველობა აქვს ვისთან,” – ამბობს მეუფე იაკობი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მსვლელობის დროს მეუფე იაკობს “გადაკვეთის წერტილი გადაწყვეტილების მიმღებ პირთან” ჰქონდა და მიიღო თუ არა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის შეჩერების გადაწყვეტილება ამ შეხვედრის შემდეგ, ქორეპისკოპოსი პასუხობს:

“მე ვფიქრობ, ეს იყო ჯანსაღი შეხვედრა ქვეყნისთივს. ფაქტს, ხომ ხედავთ დღეს, რა მნიშნვლეობა აქვს ვისთან იყო შეხვედრა,” – ამბობს ის.

თუმცა, მეუფე იაკობი უარყოფს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ის არ აკონკრეტებს, ერთ პირს შეხვდა თუ რამდენიმეს და არც მათ ვინაობას ასახელებს.

“რა მნიშნვლეობა აქვს ვის შევხვდი. არ ვიტყვი, რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ. ჩემთვის და ჩვენთვის იყო მთავარი შედეგი და შედეგი ხომ დაიდო,” – პასუხობს ქორესპიკოპოსი ჟურნალისტს.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 16 სექტემბერს გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაინახავს, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საზიანოა, მას პარლამენტიდან გაიწვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი