ახალი ამბები

“თუ დავინახავთ, რომ ამას ზიანი მოაქვს, კანონპროექტს გავიწვევთ” – კობახიძე მარიხუანის ექსპორტზე

20 სექტემბერი, 2018 • 1466
“თუ დავინახავთ, რომ ამას ზიანი მოაქვს, კანონპროექტს გავიწვევთ” – კობახიძე მარიხუანის ექსპორტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაინახავს, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საზიანოა, მას პარლამენტიდან გაიწვევენ:

“თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა პირდაპირი ფორმით, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში მოხდება კანონპროექტის გამოწვევა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ეკონომიკური საკითხები გვერდით გადადოს:

“წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების არც მოყვანას, არც წარმოებას, არც ექსპორტს. არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი ან შეიცავს ასეთ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კანონპროექტზე საპატრიარქოს პოზიციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პატრიარქის ნებისმიერ განცხადებას განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ:

“ჩვენთვის მთავარია ის, რომ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ ეკლესიას და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ ეკლესიის მიმართ. მინდა განსაკუთრებულ მადლიერება გამოვხატო კიდევ ერთხელ პატრიარქის მიმართ, მისი განცხადებისთვის და, ზოგადად, მისი დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამომჟღავნდა მის ბოლო განცხადებაში. ის ყოველთვის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო ქვეყნის ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდოთ პატრიარქის ნებისმიერ განცხადებას”, – თქვა კობახიძემ.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი