ახალი ამბები

საქართველო: რეფორმების მოლოდინში მთავრობა კვლავ გვითვალთვალებს

1 აპრილი, 2014 •
საქართველო: რეფორმების მოლოდინში მთავრობა კვლავ გვითვალთვალებს

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთებისა და საჩივრების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლოა განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სატელეფონო მოსმენებს, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაშიფვრასა და ინტერნეტმომხმარებლებზე თვალყურის დევნებას, რადგან ქვეყანას ამ მიმართულებით რეფორმები არ გაუტარებია.

 

თომას ჰამარბერგი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, არსებულ მდგომარეობას უწოდებს “ტექნოლოგიების ჯუნგლებს, სადაც ყველაფრის ჩაწერაა შესაძლებელი”.

 

მისი თქმით, სატელეფონო ზარების მოსმენის გარდა, საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირი წვდომა აქვს ელექტრონულ ფოსტებზე, ტექსტურ შეტყობინებებსა და სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი და Twitter-ი.

 

ლიკა საჯაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზუსტად იცის, ფარული მიყურადების რა შესაძლებლობებს ფლობს მთავრობა. ერთი წელია, რაც ის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრია.

 

როგორც ლიკა საჯაიამ ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტს (Organized Crime and Corruption Reporting Project -OCCRP) განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მოსმენებს ტელესაკომუნიკაციო კომპანიების სისტემებში მოთავსებული ე.წ. მუდმივი მიერთების საშუალებით. ამ მოწყობილობების საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი წვდომა აქვს სატელეფონო საუბრებთან. საჯაიას თქმით, “სამინისტროს 21 000 მობილური ტელეფონით განხორციელებული საუბრის ერთდროულად ჩაწერა შეუძლია”.

 

საჯაის ამბობს, რომ გაზაფხულზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკანონო გზით მოსმენების საკითხის სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებს სწავლობს, პირველ ეტაპზე იძიებს იმას, თუ როგორ გადასცემენ ინფორმაციას მობილური კომპანიები და ინტერნეტ პროვაიდერები სამართალდამცავებს.

 

სამუშაო ჯგუფი 2013 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე საქართველოში არსებულ თითქმის ყველა მობილურ კომპანიასა და ინტერნეტ პროვაიდერს შეხვდა. მათ შორის იყვნენ სპეციალისტები ჯეოსელიდან, მაგთიდან, ბილაინიდან, სილქნეტიდან, კავკასუს ონლაინიდან და ახალი ქსელებიდან. კომპანიების იურისტებთან ერთად სამუშაო ჯგუფმა ფარული ჩანაწერების სამართლებრივი ასპექტები განიხილა, ხოლო ტექნიკური საკითხები – კომპანიების ტექნიკოსებთან.

 

საჯაია ადასტურებს, რომ სპეციალური მისაყურადებელი მოწყობილობები „კომპანიებმა შეიძინეს (წინა ხელისუფლების პერიოდში) შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის“. მიუხედავა იმისა, რომ ეს მოწყობილობები სატელეკომუნიკაციო კომპანიების ოფისებშია განთავსებული, საჯაიას თქმით, „სრულად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ”. სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე აპარატურის მუშაობის სქემა გამოიკვლია:

  • რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების ელექტრონული მოწყობილობა – “შავი ყუთი” – უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს მობილურ კომპანიებსა (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ პოლიციას შეუძლია ეს მოწყობილობა გამოიყენოს სატელეფონო მოსმენებისთვის, ტექსტური შეტყობინებების წაკითხვისა და ინტერნეტ მოხმარების კონტროლისთვის. და, რაც მთავარია, ყველაფერი ეს შეუძლია გააკეთოს ინტერნეტ პროვაიდერებისა და მობილური კომპანიების გვერდის ავლით.

  • შინაგან საქმეთა სამინიტროს „შავი ყუთების“ საშუალებით შეუძლია სატელეფნო მოსმენის დაწყება მანამ, სანამ სატელეფონო ზარის ადრესატი ზარს უპასუხებს. მაგალითად: როდესაც აბონენტი A უკავშირდება აბონენტ B-ს, მუდმივი მიერთების საშუალება ავტომატურ რეჟიმში იწყებს მუშაობს მანამ, სანამ B სატელეფონო ზარს გაიგონებს.

  • სასამართლოდან ნებართვის მიღების შემდეგ სამართლდამცავ ორგანოებს კანონის თანახმად შეუძლიათ მიყურადება აწარმოონ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მანამ, სანამ ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან. „შავი ყუთის“ საშუალებით შესაძლებელია ყველა მოკლე ტექსტური შეტყობინების გაშიფვრა. ასევე შესაძლებელია ყველა იმ ტიპის ინფორმაციის მოპოვება, რომელიც დაკავშირებულია სატელეფონო კომუნიკაციასთან.

  • უფრო მეტიც, კიდევ ერთი სპეციალური პროგრამის დახმარებით, სამართალდამცავებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია, რომელიც შეეხება რიგითი ინეტრნეტმომხმარებლის რეალურ დროში საქმიანობას.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მოსმენების პრაქტიკასთან დაკავშირებით ორი მიმართულებით მუშაობს.

 

2012 წელს, როდესაც “კოალიცია ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებდნენ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

 

გასულ წელს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებულ პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სხვათა პირად ცხოვრების ამსახველ ათასობით ვიდეომასალას, რომელიც, სავარაუდოდ, შანტაჟისთვის იქმნებოდა, “ბინძური არქივი” უწოდა.

 

თუმცა, ღარიბაშვილის მიერ ასობით მასალის დემონსტრაციულად განადგურების პარალელურად, მთავრობის საქმიანობა უკანონო მიყურადებით მოპოვებული მასალების მიმართ მხოლოდ “ბინძური არქივის” წოდებით შემოიფარგლა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს „შავ ყუთებთან“ დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი გასცეს და არც ამჟამინდელი თუ მომავალი “კანონიერი” მოსმენის შესაძლებლობებზე საუბრობს. სამინისტრო „შავ ყუთებს“ტერორიზმსა და დანაშაულთან ბრძოლის მთავარ იარაღად მიიჩნევს.

 

დღეს ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია. მისი ყოფილი სამინისტრო კი უარს აცხადებს იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოსმენებს ეხება, რადგან, მისივე განცხადებით, არ სურს დაარღვიოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. ოფიციალურ წერილში კითხვების უპასუხოდ დატოვების არგუმენტად შინაგან საქმეთა სამინისტროს “სახელმწიფო საიდუმლობის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი” მოჰყავს.

 

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე მთავრობა მოსმენებს არ ახორციელებს. თუმცა „შავ ყუთებზე“ დასმულმა კითხვებმა ისინი ძალიან გააბრაზა.

 

“საიდან იცით, რომ „შავი ყუთები“ საერთოდ არსებობს? გაქვთ ამის მტკიცებულება?“ – კითხულობს ნინო გიორგობიანი, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. “მე გეუბნებით, რომ ჩვენს მთავრობას გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ უკანონოდ არ მოუსმინოს თავის მოქალაქეებს”, – ამბობს ის.

 

ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილში სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ხორციელდება ტოტალური და უკანონო მოსმენები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე… მიყურადება ხორციელდება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დროს და მხოლოდ – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე”.

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი სისტემატიზირებული ბაზა არ არსებობს, სტატისტიკის თანახმად, ამჟამინდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იშვიათად მიმართავს სასამართლოს მოსმენის ნებართვის მოთხოვნით.

 

2012 წელს გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ, შალვა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო, 2012 წელს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების ყველა 1 567 მოთხოვნა თბილისის საქალაქო  სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის მაისამდე, თბილისის სასამართლომ იგივე უწყებების 632 თხოვნიდან 549 დააკმაყოფილა. 83 მოთხოვნაზე უარი გასცა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოსმენების საკითხს წელიწადზე მეტია იკვლევს. ორგანიზაციის დირექტორი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციტივით შექმნილი კომისიის წევრი იყო. კომისია უკანონო გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველ ათასობით ვიდეომასალას იკვლევდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტების მენეჯერმა, მატიას ჰუტერმა OCCRP-ს განუცხადა, რომ დაახლოებით ერთი კუბური მეტრის მოცულობის “შავი ყუთი”, მყარი დისკებითა და პროცესორებით, სატელეკომუნიკაციო კომპანიების სამუშაო ოფისებშია განთავსებული.

 

“ამ სერვერების საშუალებით ყველა მონაცემი კომპანიებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მიდის,” – ამბობს ის. “საბურათალოზე მდებარე მოდულის შემობასთან (სადაც ყოფილი კუდ-ი, ამჟამინდელი სუს-ი მდებარეობს), არსებობს მუდმივი მიერთება. ამ გზით ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია მათთვის”.

 

მიუხედავად იმისა, რომ „შავი ყუთები“ მობილური კომპანიების ოფისებშია განთავსებული, კომპანიების თანამშრომლებისთვის უცნობია როგორი სახის და რა მოცულობის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი სამართალდამცავებისთვის, ან რამდენი ხანი გრძელდება თითოეული აბონენტის მოსმენა. ჰუტერის თქმით, კომპანიები მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელნი.

 

ის დარწმუნებულია, რომ “საქართველოს მთავრობა ამჟამად უსმენს ყველას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე”.

 

ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში მოქალაქეების პირადი ცხოვრების დასაცავად აუცილებელია ცვლილებები შევიდეს რამდენიმე კანონში. ისინი მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეშინია ცვლილებების და ამ უწყებამ ხელი არ უნდა შეუშალოს რეფორმების განხორციელებას.  

 

ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ მთავრობის შიში ორი მიზეზითაა განპირობებული: “პირველი, შსს-თვის უცნობია, რა შედეგით დამთავრდება კანონში ცვლილებებზე დისკუსია. მათ არ სურთ განაცხადონ ისეთი რამ, რაც წინააღმდეგობაში მოვა მომავალ რეგულაციებთან. მეორე მხრივ კი, სამინისტროში თვლიან, რომ ფარული მიყურადება მნიშვნელოვანი იარაღია ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

 

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც გიგაურთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ “პროცესი უკონტროლოა და მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოსმენებს სამართლებრიც ჩარჩოში მოაქცევს”.

 

ცვლილებების სრული პაკეტი პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. თუმცა სამუშაო ვარიანტი, რომელზეც ტუღუში, მისი კოლეგა ზვიად ქორიძე და საჯაია მუშაობდნენ, ნათლად ასახავს, თუ რამდენად კომპლექსურია პროცესი, რადგან გულისხმობს ცვლილებებს სხვადასხვა კანონში. მათ შორის, კანონში „ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ასევე, კანონში „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საქართლოს პარლამეტის რეგლამენტში.

 

ცვლილებები გულისხმობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას ხელისუფლებასა და კომპანიებს შორის. ცვლილებები, ასევე, მნიშვნელოვნად ზრდის მოსამართლის უფლებას და ნებართვის მოსაპოვებლად პროკურორებისგან კონკრეტული მტკიცებულების წარდგენას მოითხოვს.

 

კომისიის მიერ შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, მოსამართლეები გააკონტროლებენ მთლიან პროცესს და ექნებათ უფლება, განსაზღვრონ ფარული მიყურადების ხანგრძლივობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სამართალდამცავებს მოეთხოვებათ, გაანადგურონ მოპოვებული მასალები. უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო მოსამართლეებისთვის, რათა მათ სრულად გაითავისონ საკუთარი გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

 

საკითხი, რომელიც ყველაზე დიდ უთანხმოებას იწვევს რეფორმატორებსა და სამართალდამცავებს შორის, არის ის, თუ რა როლი ექნება ფარულ მიყურადებებს საგამოძიებო პროცესში. რეფორმატორებს სურთ, რომ პოლიციამ მიყურადება უკიდურეს ზომად გამოიყენოს.

 

სამართალდამცავებთან ამ საკითხის განხილვას, საჯაიას თქმით, დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

 

რეფორმატორები ასევე შიშობენ, რომ ამ დისკუსიებს პოლიტიკური ინტერესები ფონად მისდევს. 13 თებერვალს ფინანსურმა პოლიციამ, გადასახადების დამალვის მიზეზით, საქართველოში სიდიდით მეორე მობილური კომპანია „ჯეოსელის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

 

ჰუტერი ამბობს, რომ „ჯეოსელი“ იყო ერთადერთი მობილური კომპანია საქართველოში, რომელმაც საზოგადოების წინაშე ღიად და მკაფიოდ დასვა კითხვები ფარული მიყურადების შესახებ.

 

“ჯეოსელმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მიუღებელია. უფრო მეტიც, მათ „ერიქსონს“ (კომპანია, რომელმაც ქართულ მხარეს „შავი ყუთები“ მიყიდა) დართეს ნება, გაეკეთებინა განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, ეს კომპანია საკმაოდ პროაქტიური იყო”, – ამბობს ის.

 

სამოქალაქო საზოგადოება იმდენად შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!”, სადაც ცნობილი ადამიანები ყვებიან, რომ მთავრობა კვლავ უსმენს თავის მოქალაქეებს.

 

ამავდროულად, ყოფილი მმართველი პარტიის წარომადგენლები ახალი არგუმენტებით რეაგირებენ არსებულ მდომარეობაზე. პარლამენტარ გიორგი ვაშაძის მტკიცებით, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ახალმა ხელისუფლებამ დამატებით სათვალთვალო მოწყობილობა შეიძინა იმისთვის, რომ ფარული მიყურადების შესაძლებლობები გაიზარდოს.

 

მისი თქმით, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მიზნით “ახლანდელი მთავრობა ორჯერ მეტ მოქალაქეს უსმენს, ვიდრე – ყოფილი”.

 

ვაშაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია ხელისუფლებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე ისწავლოს. “ტოტალური კონტროლის შეგრძნება, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ყოფილი ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი