ნეტგაზეთი | მოგიწოდებთ, გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელსაც ნატომდე მიჰყავხართ – როუზ გიოტმიოლერი მოგიწოდებთ, გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელსაც ნატომდე მიჰყავხართ – როუზ გიოტმიოლერი – Netgazeti

მოგიწოდებთ, გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელსაც ნატომდე მიჰყავხართ – როუზ გიოტმიოლერი

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ალიანსში წევრობისთვის მომზადებაში, – განაცხადა დღეს, 21 სექტემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა და საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს სვლა იმ გზაზე, რომელსაც ქვეყანა ალიანსის წევრობისკენ მიჰყავს.

ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგაც მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე ყოფილა.

როუზ გიოტმიოლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

„10 წლის განმავლობაში საქართველო ასრულებდა ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კარგი პროგრესი რეფორმების განხორციელების კუთხით, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების შექმნისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების სფეროში”, – განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდ მილიტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის და ჩვენ აქ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვიდრე ოდესმე”, – დასძინა როუზ გიოტმიოლერმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ალიანსის დღის წესრიგში. საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება პროცესს, რომელიც საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ლექცია წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.