ახალი ამბები

იაპონიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მორაგბეებს ტატუების დაფარვისკენ მოუწოდებენ

21 სექტემბერი, 2018 • 2090
იაპონიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მორაგბეებს ტატუების დაფარვისკენ მოუწოდებენ

მორაგბეებს, რომლებსაც სხეულზე ტატუ აქვთ გაკეთებული, შესაძლოა მათი დაფარვა მოუხდეთ მომავალ წელს დაგეგმილ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ამის მიზანი იაპონელი ხალხის გულისწყრომის თავიდან არიდებაა, რადგან ჩემპიონატი იაპონიაში იმართება, სადაც ტატუს ხელოვნება იაკუძასა და იაპონურ მაფიასთანაა ასოცირებული.

გამომდინარე აქედან, მორაგბეებს სთხოვეს, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე ტატუები დაფარონ. მათ სპეციალური ჟილეტების შეძენას სთავაზობენ, რომელიც ცხეულს ფარავს და წყლის სპორტში გამოიყენება.

ტურნირის ხელმძღვანელი ალან გილპინი ამბობს, რომ მორაგბეებს ეს თხოვნა არ გაუპროტესტებიათ.

როგორც BBC წერს,  2015 წელს იაპონიაში მდებარე სასტუმროების 56%-ში სტუმრებს, რომლებსაც სხეულზე ტატუ ჰქონდათ გაკეთებული, საერთო საცურაო ობიექტებში არ უშვებდნენ.

ბრიტანული მედიის განცხადებით, იაპონიაში ტატუმ ნეგატიური კონტექსტი 1960-იან წლებში შეიძინა, მას შემდეგ, რაც ფილმებში ტატუებით დაფარული განგსტერები გამოჩნდნენ.  ადგილობრივები მას იაკუძასა და იაპონურ მაფიას უკავშირებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი