ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ბლოგერი ამბობს, რომ თბილისის პოლიციაში ჰკითხეს, რატომ აკრიტიკებს ალიევს

21 სექტემბერი, 2018 • 4769
აზერბაიჯანელი ბლოგერი ამბობს, რომ თბილისის პოლიციაში ჰკითხეს, რატომ აკრიტიკებს ალიევს

აზერბაიჯანელი ბლოგერი აზერ ქაზიმზადე ამბობს, რომ თბილისში სამართალდამცავებმა ჰკითხეს, რატომ აკრიტიკებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მის რეჟიმს.

ქაზიმზადე თბილისში წელიწადზე მეტია ცხოვრობს. იგი ილჰამ ალიევის რეჟიმს საჯაროდ აკრიტიკებს როგორც ფეისბუკის პირად, ისე Düşün TV-ის გვერდზე.

ქაზიმზადეს თქმით, 19 სექტემბერს შენიშნა, რომ სამი ადამიანი — მისივე ვარაუდით, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, — უთვალთვალებდა. მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ, ქაზიმზადე ამბობს, რომ სახლში დაბრუნდა, თუმცა USB კაბელის საყიდლად მალევე გამოვიდა  სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს ისევ შეამჩნია სამი ადამიანი. იცნო მათგან ერთ-ერთი — აზერბაიჯანელი კაცი, რომელიც თვალთვალში მანამდეც ჰყავდა შემჩნეული.

ბლოგერი სახლში მალევე დაბრუნდა, დაბრუნებიდან ცოტა ხანში კი კარზე დაუკაკუნეს. მას შემდეგ, რაც ჰკითხა, თუ ვინ იდგა კართან, არაფერი უპასუხეს, უთხრა ქაზიმზადემ Кавказский узел-ს. მისი თქმით, ასე რამდენჯერმე განმეორდა. ქაზიმზადემ პოლიცია გამოიძახა.

ამის შემდეგ, მისი თქმით, კარს უკან მდგომთაგან ერთ-ერთმა ხმამაღლა თქვა, რომ ქაზიმზადემ განგაში ატეხა და უნდა წავიდეთო. შემდეგ ბლოგერმა ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა იგივე ადამიანი, ვინც ადრეც უთვალთვალებდა.

როგორც ქაზიმზადე ჰყვება, პოლიცია გამოძახებიდან 10 წუთში მივიდა, თუმცა “ისინი ისე მშვიდად იყვნენ, თითქოს დახმარებისთვის არ მიუმართავს”. მისი თქმით, გამოძახებული პოლიციელები ერთმანეთში საუბრობდნენ, ახსენეს სიტყვა “ინტერპოლიც”. 15 წუთში კი უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ.

ბლოგერმა თბილისში დაკითხვა ბაქოში დაკითხვას შეადარა: მისი თქმით, პოლიციელებმა ჰკითხეს, რატომ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ალიევს, რატომ გადავიდა საქართველოში საცხოვრებლად და არა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, რა იყო მისი შემოსავლის წყარო. მისი თქმით, სამი საათის განმავლობაში დაკითხვა ასეთი კითხვებით გრძელდებოდა. სიტუაცია მხოლოდ მისი ადვოკატის მოსვლის შემდეგ შეიცვალა — ამის შემდეგ უკვე ადევნებაზე ჰკითხავდნენ.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ქაზიმზადეს მომართვის შედეგ გამოძიება დაიწყეს ადევნების (151-ე პრიმა) მუხლით.

რაც შეეხება კითხვას ალიევის რეჟიმის კრიტიკასთან დაკავშირებით, შსს-ში გვიპასუხეს:

“კონკრეტულად ამ ფორმულირებით კითხვა არ დასმულა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელი წყვეტს, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას რა შეკითხვებს დასვამს. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, დასმული შეკითხვები და პასუხები აისახება შესაბამის ოქმში”.

“თბილისში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ”

ქაზიმზადე ამბობს, რომ თბილისში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მოუვიდა.

მუხთარლი 2017 წლის მაისის ბოლოს გაიტაცეს თბილისიდან, წაიყვანეს ბაქოს პოლიციაში და ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდისათვის წაუყენეს.

მისი თქმით, აზერბაიჯანში მყოფ მამას იქაურმა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ საქართველოშიც მისწვდებიან. “მას მოსთხოვეს, რომ … საერთოდ, შემეწყვიტა ხელისუფლების კრიტიკა”.

ალი ქერიმლი, აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ეხმაურება ქაზიმზადეს შემთხვევას და წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებებზე ზეწოლა საკმარისი არ არის და ალიევის რეჟიმს საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიუწვდებათ ხელი ოპოზიციის მხარდამჭერებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი