ახალი ამბები

ვინ, სად და როგორ (ვერ) შეძლებს მარიხუანის მოწევას? – შს მინისტრის მოადგილის განმარტებები

19 სექტემბერი, 2018 • 2739
ვინ, სად და როგორ (ვერ) შეძლებს მარიხუანის მოწევას? – შს მინისტრის მოადგილის განმარტებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მარიხუანის რეგულირების შესახებ შსს-ს კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს მღვდლებმა, იურისტებმა და პარლამენტარებმა კითხვები დაუსვეს.

მარიხუანის მოწევა გართობის მიზნით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს ეკრძალება, მათ შორის, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ და შვებულებაში ყოფნისას. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება და თუ საჯარო სამსახურში მუშაობა სურთ ადამიანებს, უნდა დაემორჩილონ მკცარ რეგულაციებს.

დღეის მდგომარეობით, მარიხუანის ყიდვა-გაყიდვა-მოყვანა-შენახვა დასჯადია, ხოლო მოხმარება – ლეგალური. შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ სიტუაცია მართლაც ალოგიკურია, თუმცა ამის გამოსასწორებლად არაფრის შეცვლას აპირებენ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე დაისვა კითხვები: შეიძლება თუ არა მარიხუანის მოწევა საერთო მოხმარების ეზოში? შეიძლება თუ არა მარიხუანის მოწევა ღია აივანზე? თუ მეზობელი დარეკავს 112-ში და განაცხადებს, რომ თქვენ სავარაუდოდ მარიხუანას მოიხმართ მოზარდის თანდასწრებით, შემოგეჭრებათ თუ არა სახლში პოლიცია?

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საერთო ეზოში მარიხუანის მოხმარება დასჯადი ქმედება იქნება. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუ ისეთ აივანზე მოწევთ მარიხუანას, რომელიც არის ღია და თან იქ არასრულწლოვნები იმყოფებიან, ამ შემთხვევაშიც დაისჯებით. მისი თქმით, ეს საკითხი უფრო დაზუსტდება.

“ბუნებრივია, პირად სივრცეში ვერ შევიჭრებით იმიტომ, რომ ამას სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება,” – ამბობს მეზვრიშვილი.

დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონდმებლობაში ასახვას ითვალისწინებს, მცენარე კანაფისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფას ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის.

სხდომას, რამდენიმე პარლამენტართან და იურისტთან ერთად, არაერთი საეკლესიო პირიც დაესწრო. ეკლესიის პოზიციას პარლამენტში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი თანამოაზრე მღვდლები წარმოადგენდნენ. მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით და შს მინისტრის მოადგილეს კითხვები დაუსვეს.

ვრცლად:

იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის რეგულირებაზე შსს-ს კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი