საყოველთაო თანადგომის ფონზე “პატრიოტთა ალიანსის” ხმა ვერსად გავიგონე – ნატო ჩხეიძე

დეპუტატი ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსის” დატოვების მიზეზს განმარტავს.

როგოც ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მის ფრაქციას მედიის მიმართ თანადგომა არ დაუფიქსირებია.

“განსაცდელშია ტელეკომპანია “იბერია”. განსაცდელშია “ომეგა ჯგუფში” დასაქმებული 15000-მდე ადამიანი. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა “ომეგა ჯგუფის” მიმართ მედიის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე “პატრიოტთა ალიანსის” ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და გავდივარ პარტიიდან”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში “მოინახება ერთი დეპუტატი”, რომელიც მას ჩაანაცვლებს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებში”.

“იბერიამ” 7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სავარაუდოდ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.