ახალი ამბები

“სასულიერო ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”- ზურაბიშვილი

19 სექტემბერი, 2018 •
“სასულიერო ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”- ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს სასულიერო პირთა ნაწილის კრიტიკას და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება სასულიერო პირები ერეოდნენ იმ საკითხებში, “რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”.

აღნიშნული სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ როგორც პრეზიდენტს, სასულიერო პირების პოლიტიკაში ამგვარ ჩარევაზე დიდი პროტესტი ექნება.

“არ მესმის, როგორ შეძილება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. როგორც პრეზიდენტს, როგორც კლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს, მე ამაზე მექნება ძალიან დიდი პროტესტი. ვინაიდან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმებისა, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით.

ეკლესიის მაღალი დონის ფიგურები პირდაპირი ბრალდებებით ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ არცერთი მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს” ,- ამბობს ზურაბიშვილი.

იმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს, ჭყონდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იყო. მიტროპოლიტ პეტრეს შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის არაშესაფერისი კანდიდატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი