ახალი ამბები

მყვინთავი, რომელსაც ილონ მასკმა პედოფილი უწოდა, მასკისგან $75 ათასს ითხოვს

18 სექტემბერი, 2018 • 1961
მყვინთავი, რომელსაც ილონ მასკმა პედოფილი უწოდა, მასკისგან $75 ათასს ითხოვს

ბრიტანელი მყვინთავი, რომელიც ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, ტესლას დამფუძნებელ ილონ მასკს ცილისწამებისთვის უჩივის.

ვერნონ ანსვორფმა სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. მან ილონ მასკისგან ცილისწამებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად $75 ათასი და მყვინთავის მიმართ სამომავლოდ მსგავსი ბრალდებების გავრცელების აკრძალვა მოითხოვა.

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ვერნონ ანსვორფს ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე ორჯერ უწოდა, თუმცა ბრალდები არ დაუსაბუთებია:

“მარტოხელა თეთრკანიანი კაცი ინგლისიდან, რომელიც ტაილანდში 30-40 წელია ცხოვრობს,  ჩიენგ რაიში გადადის, რათა 12 წლის გოგო ცოლად მოიყვანოს”, – თქვა მასკმა. მისივე თქმით, ქალაქი, სადაც მყვინთავი ცხოვრობს, ცნობილია ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის მაღალი მაჩვენებლით.

პირველ ჯერზე, როდესაც მასკმა მყვინთავს პედოფილი უწოდა, ბოდიში მოიხადა, თუმცა ბრალდება კვლავ გაიმეორა.

ყველაფერი კი უკავშირდება მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი საბავშვო ფეხბურთის გუნდის წევრები და მწვრთნელი მყვინთავებმა გადაარჩინეს.

როდესაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ილონ მასკმა თავის კომპანიას სასწრაფოდ დაამზადებინა წყლიდან ბავშვების ამოსაყვანი კაფსულა და ტაილანდში ჩაიტანა, თუმცა მაშველებმა მას ამის გამოყენების საშუალება არ მისცეს. ბავშვები რთული რელიეფის მქონე, წყლით დაფარულ მღვიმეში, თითქმის 4 კილომეტრის სიღრმეზე იყვნენ, მასკის კაფსულა კი მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, აუზში იყო გამოცდილი.

“მას [ილონ მასკს] წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორი ფორმისაა მღვიმე. ხომალდი პირველ რამდენიმე მეტრშიც ვერ გავიდოდა. ეს მისი მორიგი პიარ ხრიკია”,- განაცხადა მყვინთავმა ვერნონ ანსვორფმა, რამაც მასკის უარყოფითი რეაქცია მყვინთავის მიმართ სიტყვიერი თავდასხმა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი