ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმიდან ენგურამდე აფხაზი ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას გეგმავენ

17 სექტემბერი, 2018 • 11005
სოხუმიდან ენგურამდე აფხაზი ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას გეგმავენ

2018 წლის 28-30 სექტემბერს, აფხაზეთში საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, სოხუმიდან ენგურის ხიდამდე გაიმართება ახალგაზრდების აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “ჩვენი გმირების გზა”.

“შეკრებილი პატრიოტები ფეხით ჩავლენ საქართველოს საზღვრამდე, ისევე როგორც 25 წლის წინ ჩვენმა ძმებმა და მამებმა გაიარეს ეს გზა აფხაზური დროშით”, – ამბობს აქციის თანაორგანიზატორი ალიას გოლანძია.

აქცია, სახელწოდებით “ჩვენი გმირების გზა” აფხაზეთში მესამედ ჩატარდება. წინა წლებში 14-25 წლის ასაკის 100-მდე მოქალაქე შუერთდა აღნიშნულ აქციას.

სოხუმიდან ენგურამდე დაახლოებით 127 კილომეტრია, შესაბამისად, აქციის მონაწილეები ფეხით ამ მანძილის გავლას დაახლოებით ორი დღე მოუნდებიან.

“საქართველოსთან საზღვარზე წასვლის გადაწყვეტილებით ახალგაზრდები იხსენებენ ახლობლებს. ეს საჭიროა, რათა უფროსების მიღწევები გაიხსენონ და ისეთივე ერთიანები და ერთსულოვნები იყვნენ, როგორც ჩვენი მამები და ძმები 25 წლის წინ. ახალგაზრდები აჩვენებენ მთელ მსოფლიოს, რომ თუ საჭრო გახდა, გაერთიანდებიან და სამშობლოს დასაცავად თუნდაც ფეხით წავლენ”, – ამბობს ალიას გოლანძია.

სოხუმის დაცემის დღისთვის, 27 სექტემბრისთვის თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მსვლელობას აწყობს ქართველი აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. აქციის მიზანი, მაქარაშვილის თქმით, ანტიოკუპაციური ტალღის გაძლიერებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი