საქართველოს რკინიგზა: უჩა მამაცაშვილი საჯარო მოხელის სტატუსით მონაწილეობდა გადაზიდვებზე მოლაპარაკებებში

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე განმარტავს, თუ რა სტატუსით აწარმოებდა სარკინიგზო გადაზიდვებზე მოლაპარაკებებს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

ბახტაძის თქმით, მამაცაშვილი 2013 წლიდან სს  ”საპარტნიორო ფონდის” დირექტორის მოადგილედ მუშაობს, საპარტნორო ფონდი კი  სტრუქტურულად და იურიდიულად სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 100%-ით ფლობს ”საქართველოს რკინიგზის” აქციებს.

 

“უჩა მამაცაშვილი არა როგორც კერძო პირი, არამედ როგორც საჯარო მოხელე მონაწილეობას იღებდა გადაზიდვებთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

უჩა მამაშვილთან დაკავშირებით კითხვები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა წამოჭრეს. თავდაპირველად გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მამაცაშვილი ივანიშვილის სახელით “ალაგებს” ბიზნესთან ურთიერთობას და კალაძესთან ერთად საარჩევნოდ ფულს აგროვებს.

უჩა მამაცაშვილი
უჩა მამაცაშვილი

 

ამის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უჩა მამაცაშვილი ნამდვილად არის მისი დეიდაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ნათესავებს შორის:

 

“რამეთუ არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი. მისი დედა ჩემთვის იყო ადამიანობის სიმბოლო. უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესს და მასზე ყაჩაღობას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თავისი სამრეკლოდან იყურებიან და თავისი ხელწერით საუბრობენ. მე საზოგადოებას ვაძლევ პატიოსან სიტყვას, რომ ის, რასაც ადრე ინაწილებდნენ “ნაციონალები”, დღეს ყველაფერი ხმარდება სახელმწიფოს და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს, თითოეული ‘”კაპეიკი”, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხმარდება ისევ სახელმწიფოს”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მან ასევე დაადასტურა, რომ მამაცაშვილი წასული იყო ბაქოში სარკინიგზო სატრანზიტო გადაზიდვების საკითხზე მოსალაპარაკებლად.

 

უჩა მამაცაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კორპორაციის “სტოილენსკაია ნივას” გენერალური დირექტორი, კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხსვილი შემწირველი იყო 2013 წელს. ამას გარდა, უჩა მამაცაშვილი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრია. ასევე, ის არის “თანაინვესტირების ფონდის” მმართველი კომპანიის –  „GCF Partners“ (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) – წილის 42%-ის მფლობელი; “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის” ერთადერთი დამფუძნებელი. ეს ფონდი აფინანსებდა “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს”, რომლის საშუალებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელს ახორციელებდა “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი