ახალი ამბები

რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, სანამ უკრაინაში ცეცხლს არ შეწყეტს — მერკელი

15 სექტემბერი, 2018 • 2232
რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, სანამ უკრაინაში ცეცხლს არ შეწყეტს — მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ ძალაში დარჩება მანამ, სანამ უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტს და მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

“სანამ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება ან ამ მიმართულებით პროგრესი არ მიიღწევა, არ განვიხილავთ რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას”, — ასე განაცხადა კანცლერმა ვილნიუსში ყოფნისას 14 სექტემბერს.

“მშვიდობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს ამოცანად რჩება”, დასძინა მერკელმა.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, სანქციები რუსეთს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისა და ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა ევროკავშირმა. რუსეთს მსგავსი სანქციები დაუწესა აშშ-მაც. 2014 წლის შემდეგ, რადიოს თანახმად, 10 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ კონფლიქტის შედეგად.

გერმანული “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა პოსტსაბჭოთა ქვეყნების — საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის — დესტაბილიზაციაში. “დოიჩე ველეს” ინგლისურენოვანი გამოცემა ასე ციტირებს მერკელს ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ: “თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც არ არის ევროკავშირის ან ნატოს წევრი, ცდილობს გაუმკლავდეს შიდა კონფლიქტს, რომელიც რუსეთის მიერაა პროვოცირებული”.

განცხადება მოსდევს მერკელის ვიზიტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. აგვისტოში იგი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოში ყოფნისას, მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ოძისში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა, საიდანაც რუსული სამხედრო ბაზები დაათვალიერა.

2015 წელს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს უკრაინაში, მძიმე არტილერიის გამოყვაას ფრონტის ხაზიდან და ა.შ. ჯერჯერობით შეთანხმება არ სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი