ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ ერგნეთში შეხვედრა ჩაშალა

14 სექტემბერი, 2018 • 1786
ოსურმა მხარემ ერგნეთში შეხვედრა ჩაშალა

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

“მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს”, – ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის ჩაშლის მიზეზზე საუბრობს ოსურ მხარეც:

“ქართული მედიიდან შევიტყვეთ, რომ საქართველომ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა ორი ჩვენი მოქალაქე – დავით გურწიევი და ალიკ თაბოევი. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ქართულ მხარეს, აღნიშნულ ფორმატში არ წამოეწია ტატუნაშვილისა და ბაშარულის გარდაცვალების საკითხები, რადგანაც უკვე ბევრჯერ იხილებოდა, მათ შორის ჟენევის ფორმატში. თუმცა ქართულმა მხარემ დესტრუქციული პოზიცია გამოავლინა ინტერპოლით მათი ძებნის გამოცხადებით”.

აქვე, ოსურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქართული მხარე უფრო კონსტრუქციული გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი