ახალი ამბები

წინასაარჩევნოდ გირჩის “რელიგიური” შეხვედრები საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება — ანგარიში

14 სექტემბერი, 2018 • 8566
წინასაარჩევნოდ გირჩის “რელიგიური” შეხვედრები საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება — ანგარიში

არჩევნების დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამოდ აფასებს “გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის, როგორც “რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის”, შეხვედრას სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მსურველ ახალგაზრდებთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED-ი) 13 სექტემბრის წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშში მიმოიხილავს სხვადასხვა შესაძლო დარღვევას, რაც მათ აგვისტოს დასაწყისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით დააფიქსირეს საქართველოში.

“გირჩისა” და ჯაფარიძის შემთხვევა შესულია ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავში, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობებს ეხება.

საუბარია 27 აგვისტოთი დათარიღებულ შეხვედრაზე, როდესაც “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე, შეხვდა ჯარისგან თავის არიდების მსურველ ახალგაზრდებს.

პარტია/რელიგიური ორგანიზაცია

როგორც ISFED წერს, 27 აგვისტოს “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ ჩაატარა შეხვედრა 30-40 ახალგაზრდასთან, რომლებსაც სახელმწიფო იწვევს სამხედრო სამსახურში. ორგანიზაციის ცნობით, ახალგაზრდების სურვილის შესაბამისად, პარტიამ მათ სასულიერო პირის მოწმობები გადასცა.

ჯაფარიძე რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის მქონე “ბიბლიური თავისუფლების” წარმომადგენელიც არის. “ბიბლიური თავისუფლება” გირჩმა გასულ წელს დააფუძნა, რითაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა, თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. იმის გამო, რომ “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს “მღვდელმთავრის” წოდებას ანიჭებს, ისინი სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, ამ შემთხვევაში “რელიგიური ორგანიზაცია და პარტია ერთმანეთისგან არ იმიჯნება, რაც რელიგიური ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება”.

ჯაფარიძე: “არ მაინტერესებს მსგავსი აკრძალვები”

ზურა ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მსგავსი აკრძალვის შესახებ არ სმენია: “თუ არსებობს, მინდა გითხრათ, რომ გულწრფელად არ მაინტერესებს. არ მაღელვებს, ეგეთი სახელმწიფო რეგულაცია თუ არსებობს”.

ჯაფარიძის თქმით, მართალია, “გირჩის” რამდენიმე წევრს დაფუძნებული აქვს რელიგიური ორგანიზაცია, თუმცა იგი არც დამფუძნებელია და არც სასულიერო პირის რანგი აქვს.

კანდიდატის თქმით, “ისინი [“ბიბლიური თავისუფლება”] ამას აკეთებენ დიდი ხანია, იქამდეც, სანამ კანდიდატად დავსახელდებოდი და აგრძელებენ ამის კეთებას. ეს ხდება, მათ შორის, ჩვენთან ოფისში, გასაუბრების გზით და მე ამ გასაუბრებებს ყოველთვის არა, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც ვესწრები და ვეკითხები რაღაცებს”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ISFED-ის ასეთი შეფასების შემდეგ, აპირებს თუ არა თავი შეიკავოს მსგავსი აქტივობებისგან, ჯაფარიძემ გვიპასუხა: “ცხადია, არ ვაპირებ, და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა”.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციას და აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს, სხვებთან ერთად, რელიგიურ ორგანიზაციებს. ჯაფარიძემ “სულელური რეგულაცია” უწოდა აღნიშნულ აკრძალვას:

—”ბევრი კანონი არის საქართველოში, რომელიც, ჩემი აზრით, არის სულელური, და მათ შორის ნაწილი საჯაროდ მაქვს დარღვეული. თუ ვიღაცა აპირებს ამის შეფასებას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მე პრობლემა არა მაქვს. თუ უნდათ, რა სანქციებიც არსებობს, მომიყენონ, მაგრამ ამის გაგრძელებას ვაპირებთ… როცა ახალგაზრდები ოფისში გასაუბრებისთვის მოვლენ, არ ვაპირებ, რომ წავიდე, დავიმალო და თავი მოვიტყუო, “ვაიმე, ეს ახლა ვინმემ არ ჩამითვალოს მოსყიდვაში” და გავიქცე ოფიდიდან. არა, არ ვაპირებ სიგიჟეების კეთებას. ვაპირებ, რომ გავაგრძელო ცხოვრება ისე, როგორც ვცხოვრობდი”, — გვითხრა “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი