ახალი ამბები

ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ავტობანი გაათავისუფლეს და გორის მერიისკენ მიემართებიან

14 სექტემბერი, 2018 • 1526
ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ავტობანი გაათავისუფლეს და გორის მერიისკენ მიემართებიან

სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, აქციას გორის მერიასთან გამართავენ.

18 წლის თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება სსსკ-ი 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპულის ოჯახი მიიჩნევს, რომ 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს და გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ავარიის შედეგად მიყენებული არაა.

“ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოგვიანებით საქმეს სსსკ-ის 117 მუხლიც დაამატეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ ეტყობოდა, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

მერებაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს არ ენდობა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ 18 წლის ახალგაზრდის მკვლელს ხელს აფარებენ და მთავარ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი