როგორც მისი დასრულების შემდეგ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტის მეორე სხდომაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, დაგეგმილია ერთობლივი დოკუმენტის, რეკომენდაციების მიღება, სადაც მისი სურვილია, რომ გაჩნდეს ჩანაწერი საქართველოს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების თაობაზე:
“მოლოდინი არის, რომ ხვალინდელი სხდომა იქნება იმ საფრთხეების შესახებ საუბრის გაგრძელება, რომლის წინაშეც ჩვენ და ევროკავშირი ერთდროულად აღმოვჩნდით რუსეთის მოქმედებების გამო. მათი [ევროპარლამენტარების] მხრიდან არის წინადადება, რომ საბოლოო დოკუმენტში 2–3 ისეთი წინადადება გავითვალსიწინოთ, რითიც ევროპარლამენტარები უკან დაბრუნდებიან და ევროკომისიასთან ურთიერთობაში ამას გამოიყენებენ, როგორც კონკრეტულად გადასადგემლ ნაბიჯებს საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ერთ–ერთი მთავარი რაც არის, ჩემი პირადი სურვილია და იმედია ხვალ ეს ტექსტში მოხვდება, არის ის, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში გაჩნდეს ნანატრი ჩანაწერი საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, თუკი ჩვენ ამას მივავღწევთ და ამ ცვლილებას მივიღებთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მან დღეს დოკუმენტის ტექსტის შესახებ საუბრისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა:
“დაველოდოთ ხვალინდელ დოკუმენტს”.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთნამხების პარაფირება გასული წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო მისი ხელმოწერა ზაფხულშია დაგეგმილი. ნეტგაზეთის შეკითხვას, როგორ უყურებს იმის შესაძლებლობას, რომ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში უკვე ინიცირებულ დოკუმენტში ასეთი კარდინალური ცვლილება მოხდეს და ახალი ჩანაწერი გაჩნდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ხიდაშელი ასე პასუხობს:
“კარდინალურია ის ცვლილება, რომელიც რუსეთმა დააყენა ევროპისთვის, ამიტომ ამ ფონზე მე არ ვფიქრობ, რომ ეს [პოტენციური ცვლილება] კარდინალურად უნდა აღვიქვათ. შესაბამისად, არ მაქვს განცდა, რომ ეს შეუძლებელია. მხოლოდ ჩვენს სურვილად თუ დარჩება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, მაგრამ დღევანდელი დისკუსიიდან გამომდინარე მე იმედი მაქვს, რომ ამ [რეკომენდაციის] ტექსტში ეს გაჩნდება და შემდეგ უკვე ევროპარლამენტარები ამ ინიციატივით ბრიუსელში გამოვლენ. ასეთი მოლოდინი ვიგრძენი მათი მხრიდან. მეტიც შემიძლიათ გითხრათ, ეს მათი წინადადება იყო, რომ ჩვენ 2–3 ისეთი რაღაც დავწეროთ ამ რეკომენდაციების პროექტში, რომელსაც ისინი უკან წაიღებენ ევროკომისიაში.”.
ნეტგაზეთის კითხვას, როგორ წარმოუდგენია მას ასოცირების შეთანხმებაში ევროპული პერსპექტივის შესახებ ჩანაწერის ფორმულირება, ხიდაშელი პასუხობს:
“მოდით დავიწყოთ ასე, ბევრი დონე არსებობს. საქართველო არის ევროპული ქვეყანა [ტექსტში] ამ ჩანაწერის გაჩენიდან უნდა დავიწყოთ დამთავრებული იმით, რომ მას ევროპული პერსპექტივა აქვს, ეს უკვე მაქსიმუმი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება. ვნახოთ… აქ ჩვენ რას მივიღებთ ეს ერთია, მაგრამ შემდეგ ამის იმპლემენტაციას რამდენად მოახერხებენ ესენი ევროკომისიასთან, ეს მეორე საკითხია”.