ახალი ამბები

ჩვენ ასე არ გავჩერდებით, – მეუფე ანტონი მარიხუანის ექსპორტზე

14 სექტემბერი, 2018 • 4464
ჩვენ ასე არ გავჩერდებით, – მეუფე ანტონი მარიხუანის ექსპორტზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის თქმით, მარიხუანის ექსპორტის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თაობაზე ხალხი ეკლესიის მობიზილებას ითხოვს.

როგორც მიტროპოლიტმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მრევლი მოუთმელად ელის, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ეკლესია, ამიტომ მათ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცევიან. მეუფე ანტონის თქმით, ეკლესიისთვის რევოლუცია უცხოა, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი მშვიდობიანად.

“ეკლესია არის შეშფოთებული… ჩვენ ასე არ გავჩერდებით, ჩვენს სიტყვას ვიტყვით. რას ვგულისხმობთ, გზადაგზა გვიჩვენებს. იუმორში ვიტყვი, “სანთლების რევოლუციას” – დავანთებთ სანთლებს, შევევედრებით უფალს და უფალი გვიჩვენებს, როგორ და რანაირად მოვიქცეთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

სასულიერო პირი ასევე გამოეხმაურა დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებას მარიხუანის ექსპორტის თაობაზე.

“გუგული მაღრაძე სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან, როდესაც გაარჩევს, მაშინ შეიძლება მის კომენტარებს პასუხი გსცე”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბრის დილას განაცხადა, რომ “მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელი მოხმარების პოპულარიზებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მკაცრ რეგულაციებში მოექცევა კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი