რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული ძალისხმევის ჩაშლის მცდელობები წარუმატებელი იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელებს შორის დიალოგის ჩაშლის მცდელობად მარია ზახაროვამ 5-7 სექტემბერს თბილისში გამართული მედიაფორუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა.
“ეს ღონისძიება ჩაფიქრებული იყო როგორც პოზიტიური ქართულ-რუსული დღის წესრიგის განსახილველი პლატფორმა. სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეებმა წინასწარ მონათლეს ღონისძიება, როგორც პროკრემლისტური პროპაგანდისტების ფორუმი. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ღონისძიების შესახებ არ ვიცოდი, გავიგე მას შემდეგ, რაც პრესაში შესაბამისი მასალები ვნახე”, – განაცხადა ხაზაროვამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ფორუმის წინ ნეგატიური ინფორმაციული ფონი მიზანმიმართულად იქმნებოდა მედიის, კერძოდ, “რუსთავი 2”-ისა დ “ეხო კავკაზას” მიერ, უშუალოდ ფორუმის მიმდინარეობისას კი ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ მოქმედებებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის მხრიდან.
“ფორუმი გაიმართა, არ ჩაშლილა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ პროკრემლისტურ პროპაგანდისტებს არ ჰქონია ამასთან შეხება, ჩვენი აზრით, უნდა მივესალმოთ მრავალმხრივი დიალოგის ნებისმიერ მცდელობას, როცა საქმე ეხება მოსაზრებების გაცვლას. ეს მოსაზრებები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ყველაფრის განხილვა შეიძლება ჩართულ მიკროფონთან, მით უმეტეს, საექსპერტო და ჟურნალისტური საზოგადოების მხრიდან. რა შეიძლება ამაში ცუდი იყოს, გაუგებრია. ცუდია მიკროფონების გამორთვა, აკრედიტებული ჟურნალისტების გაძევება ან მათი არდაშვება ღონისძიებაზე. პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ კავშირების ჰარმონიზებას ქვეყნებს შორის, რეგიონის ხალხებს შორის”, – განაცხადა ზახაროვამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ ძალისხმევის ჩაშლის მცდელობები კრახისთვის განწირული იქნება.
რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმი თბილისში 5-7 სექტემბერს გაიმართა. მედიაფორუმის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“.
ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა 4 მონაწილე რუსეთიდან ქვეყანაში არ შემოუშვეს. ფორუმის პარალელურად კი სამოქალაქო მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” აქცია-პერფორმანსი გამართა.