“იყო ხანგრძლივი დისკუსია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ აფიქსირებენ თავიანთ წუხილს, რომ ხომ არ არის ეს პოლიტიკური რევანში ახალი ხელისუფლების მხრიდან და რატომ ხდება ერთდროულად რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაბარება და ხომ არ არის ეს კავშირში პრეზიდენტის საგარეო აქტიურობასთან იმასთან დაკავშრებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი ღიად გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აფიქსირებს საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საქმეებზე შეკითხვები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ დაკითხვაზე დაბარებამდე ხელისუფლებამ არსებული პოლიტიკური სიტუაცია გაითვალისწინოს:
“ჩვენ ვესაუბრეთ იმაზე, რომ ზოგადად კონტროლისა და ბალანსის პრინციპი ქვეყანაში გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე ეს იყო წინა მთავრობის დროს, გაცილებით უფრო დამოუკიდებელია ხელისუფლების თითოეული შტო და პოლიტიკური ზეგავლენა ნაკლები არის, თუმცა აღვნიშნეთ, რომ, სამწუხაროდ, სასამართლო და პროკურატურა სრულად თავისუფალი არ არის პოლიტიკური გავლენებისაგან იმიტომ, რომ დაკითხვებთან და დაბარებებთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს შეკითხვები, რადგან დანაშაულები ხდებოდა და ჩვენ ვსაუბრობდით წარსულში ამაზე, მაგრამ ის, დრო რა დროსაც ესა თუ ის პირი იკითხება, ის გარემოება, სხვადასხვა პოლიტიკური განცხადება, რასაც პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან თან სდევს ამ დაკითხვაზე დაბარებას, ბუნებრივია, ჩვენც გვაშფოთებს და ეს იწვევს სწორედ კითხვებს ჩვენს პარტნიორებში ამის პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ყოფილი პრეზიდენტის და თანამდებობის პირების დაკითხვაზე დაბარება შესაძლოა გამართლებული არ იყოს:
“ზოგადად ეს შეიძლება იყოს გარკვეული სიგნალი ოპოზიციური პარტიისთვის და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ეს არ იყო გამართლებული, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად. რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება ჰქონდეთ კითხვები, თუმცა ეს უნდა განიხილებოდეს საერთო წინასაარჩევნო კონტექსტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს მიზანშეწონილი არ იყო”, – განაცხადა გიგაურმა.