ახალი ამბები

კალაძე: არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გაჩერება შეზღუდოს

13 სექტემბერი, 2018 • 1597
კალაძე: არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გაჩერება შეზღუდოს

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით პრობლემები არსებობს, რადგან კერძო პირებს – კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი:

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, რომელიც მუნიციპალურია და რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისარგებლოს. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც პარკირების წლიურ აბონემენტს პატიოსნად იღებს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, ამ საკითხზე დროული რეაგირება მოახდინონ და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მონიშვნები მოშალონ:

„მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და თუ მოსაშლელია, მოშალეთ სპეციალური მონიშვნები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა. ასევე, ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან, ქალაქში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა:

„2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შევიმუშავეთ. ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და პარლამენტს გადაეგზავნება. მინდა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო, რადგან მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი