ახალი ამბები

რა პირობით შეწყვიტეს მუშებმა კაზრეთში გაფიცვა

24 მარტი, 2014 • • 1250
რა პირობით შეწყვიტეს მუშებმა კაზრეთში გაფიცვა

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, კომპანია RMG პირობას დებს, რომ მუშების 6 მოთხოვნიდან სამს უალოხეს ხანებში შეასრულებს, ხოლო სამს – ეტაპობრივად:

“6 მოთხოვნა იყო სულ, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 3: ეს გახლავთ სადაზღვევო პაკეტის შეცვლა, შრომის პირობების გაუმჯობესება, რაც გულისხმობს სანიტარულ–ჰიგიენური წერტილების მოწესრიგებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას, ასევე პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია მზადყოფნას აცხადებს, რომ 2 თვის განმავლობაში განიხილავს პროექტს და ორმხრივი თანხმობის საფუზველზე ხელს მოეწერს მას”, – აცხადებს დოლაბერიძე.

კაზრეთელი მუშები კომპანიის მენეჯმენტიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლებასაც ითხოვნდნენ, RMG-ს ეს ჯერ არ დაუკმაყოფილებია, თუმცა დოლაბერიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება:

“რაც შეეხება საკითხს მენეჯმენტიდან იმ ადამიანების გათავისუფლების თაობაზე, რომლებმაც არაჯანსაღი და შეურაცხმყოფელი გარემო დანეგრეს კომპანიაში, შეიქმნება პარიტეტული კომისია მუშების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც განხილავს კონკრეტულ ქეისებს, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მუშებთან მიმართებაში დ,ა შესაბამისად, ამ მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებით მოხდება რეაგირება ამა თუ იმ პირის მიმართ”.

გაფიცული მუშები კომპანიის ადმინისტრაციისაგან ასევე ითხოვდნენ იმ ადამიანების სამსახურში აღდგენას, რომლებიც 30 იანვარს გათავისუფლდნენ:

“ამაზე შევთანხმდით, რომ 80 კაცი გაფიცვის შეწყვეტისთანავე აღდგება სამსახურში, ხოლო 57 ადამიანი აღდგება მას შემდეგ, რაც საწარმოს სიმძლავრეები მოიმატებს, თუმცა ეს ადამიანები იქნებიან სოციალურად დაცულები იმიტომ, რომ 2 თვის კომპენსაცია ეძლევათ მათ უმუშევრობის და თუ მათი აღდგენა ამ ორ თვეში ვერ მოხერხდა, მე–3 თვის ხელფასიც მიეცემათ. კომპანია დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ 3 თვეში მათი სამსახურში აღდგენის პროცესი დასრულდება”.

 

თამაზ დოლაბერიძის ცნობით, კომპანიაში დასაქმებული მუშების საშუალო ხელფასი 650 ლარია. მათი ერთ–ერთი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და თანამდებობრივი სარგოების არასამართლიანი გადანაწილების პრაქტიკის შეზღუდვაც იყო.

 

“ხელფასების ზრდას რაც შეეხება, 1 აპრილიდან მინიმუმ 15 პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე დაბალი სარგო ჰქონდათ – 50 კაცია ასეთი, ვისაც 250–300 ლარი აქვს ხელფასი. ასევე პირველი აპრილიდან ხელფასების არასამართლიანი განაწილების კორექტირება მოხდება. არის შემთხვევები, როდესაც ორ თანამშრომელს, რომლებიც ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ, განსხვავებული ხელფასები აქვთ. მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრება მატებისკენ ტენდენციით, ანუ თუ ერთ ზეინკალს 600 ლარი აქვს და მეორეს 400 ლარი, ამასც 600 ლარი გაუხდება”.

 

რაც შეეხება ხელფასების მატებას მთელი ქარხნისთვის, კომპანია აცხადებს, რომ 2014 წელი საჭიროა იმისთვის, რომ საწარმოო სიმძლავრეები ბოლომდე დაიტვირთოს და ამ წლის შემდგომიდან ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ხელფასის მატების სესაძლებლობა, ხოლო 2015 წლის 1 იანვრდან ვვარაუდობთ, რომ 20–პროცენტინაი მატება იქნება”.

 

ერთ–ერთი გაფიცული მუშა ლადო ასლანიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი მოლაპარაკებების შედეგით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, რადგან გარკვეული მოთხოვნების შესრულება დროში გაიწელა:

“მაგრამ მთავრობა მეტს ვერაფერს გვიგვარებს. ესეც რომ არ დავკარგოთ, ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი”,  – ამბობს ასლანიშვილი.

კითხვას, რა გარანტია აქვთ, რომ კომპანია ყველა პირობას შეასრულებს, იგი პასუხობს, რომ ეს გარანტია მთავრობაა, რომლის უშუალო მედიატორი, ირაკლი ყანდაშვილის სახიით, მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი