ამ წუთებში [13:15] კინოს სახლში ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით იმართება 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ. კინოჩვენებას რამდენიმე სასულიერო პირიც ესწრება.
როგორც ორგანიზატორი ორგანიზაცია აცხადებს, ამ ფილმის მიზანია, “საზოგადოებას შეახსენოს და ნაწილობრივ გააცნოს ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არა მხოლოდ იუგოსლავიის სახელმწიფოს, არამედ მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.”
აქციის მონაწილეები, რომლებიც კინოს სახლთან არიან შეკრებილი, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტითა” და მისი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.
ფილმის ჩვენების შემდეგ შეკრებილი საზოგადოება მოაწყობს ქუჩის მსვლელობას “სერბი ხალხის ტრაგედიისა და ნატოსადმი კრიტიკის ამსახველი ტრანსპარანტებითა და პლაკატებით.”
მსვლელობა მოეწყობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით და დასრულდება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გუდიაშვილის 7-ში, სადაც “ნატოს საინფორმაციო ცენტრია” განთავსებული.
2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარდა პლებისციტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას 77%-მა მხარი დაუჭირა.