ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე: ნუ მოვახდენთ დრამატიზებას, დაუკითხავთ უამრავი პრეზიდენტი მსოფლიოში

24 მარტი, 2014 •
თედო ჯაფარიძე: ნუ მოვახდენთ დრამატიზებას, დაუკითხავთ უამრავი პრეზიდენტი მსოფლიოში

“ნუ მოვახდენთ დრამატიზებას, დაუკითხავთ უამრავი პრეზიდენტი მსოფლიოში, გავიხსენოთ სარკოზი, ბერლუსკონი და კიდევ უამრავი, აქ საუბარი არ არის დაკავებაზე, პროკურატურას აქვს კითხვები, რომელზეც სურს მიიღოს პასუხი მიხეილ სააკაშვილისგან”, – აცხადებს ჯაფარიძე.

 

მისივე თქმით, ის დღენახევრის წინ დაბრუნდა აშშ-დან, სადაც დეპუტატ თინა ხიდაშელთან ერთად მართავდა შეხვედრებს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრებზე სააკაშვილის გვარი არ გაჟღერებულა, თუმცა ის იქვე დასძენს, რომ იმ დროისთვის არ ყოფილა ცნობილი საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იქნა დაკითხვაზე 10 სისხლის სამართლის საქმეზე.

 

“მე დღენახევარია, რაც ჩამოვედი აშშ-დან ქალბატონ თინა ხიდაშელთან ერთად, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, ჩვენ ამ თემაზე შეგვეძლო გვესაუბრა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის გვარი არ გაჟღერებულა, თუმცა ეს ფაქტი – სააკაშვილის დაბარება ჯერ არ იყო მომხდარი.

 

ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, ხოლო სააკაშვილის დაბარების ამბავი, შეფასებები გავიგე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. საუბარი იმაზე, თითქოს ეს არის დაკვეთილი და ამგვარი ნაბიჯები ანგრევს ჩვენს ევროატლანტიკურ ურთიერთობებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ან დაკვეთილი მოქმედება პროკურატურის მხრიდან, ჩვენს მთავრობას და პროკურატურას რომ ემოქმედა სატელეფონო ზარის მიხედვით, ვიღაცის დაკვეთით, ვიღაცის დავალებით, მე მგონია, რომ პროკურატურა და საერთოდ ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამდა. ჩვენი მართლმსაჯულება, პროკურატურა იქნება სასამართლო, თუ გამოძიება არის დამოუკიდებელი. მას არა აქვს არავითარი ზეწოლა, ამიტომ ისინი მოქმედებენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და არა იმის მიხედვით, ვინ დაურეკავს და ვინ მისცემს დავალებას”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყიფეა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები და “ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით”, თედო ჯაფარიძე პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა, მე შემიძლია ამ შეფასებას მხარი დავუჭირო ან არ დავუჭირო, შეიძლება ვთქვა, რომ მართლმსაჯულება ჯერჯერობით სუსტია, ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მინდა გავახსენო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, ვინ არის ამ მართლმსაჯულებაში დღეს, რომელი მთავრობის კადრები არიან პროკურატურაში, გამოძიებაში. ამიტომ ეს არის ყველაფერი დინამიკაში, ყველაფერი იცვლება და იმედია, რომ მართლმსაჯულება იქნება ეს, პროკურატურა იქნება თუ სასამართლო, დროის განმავლობაში გახდება სრულყოფილი.”

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტსაა დაბარებული პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად, თუმცა ის ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი