ახალი ამბები

ბარამიძე: მთავრობა არა პოლიტიკური ვენდეტით, არამედ პრობლემების მოგვარებით უნდა დაკავდეს

24 მარტი, 2014 •
ბარამიძე: მთავრობა არა პოლიტიკური ვენდეტით, არამედ პრობლემების მოგვარებით უნდა დაკავდეს

 

“იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ყველა ძალის კონსოლიდაცია, რადგან რუსეთის აგრესიის მორიგი ტალღა გვიახლოვდება, ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით და იმ ქმედებებით, რომელიც აშკარად ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამნეტმა, ასევე, უკვე ევროპის არაერთმა ლიდერმა და გავლენიანმა პიროვნებამ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მისი ამოცანა არ უნდა იყოს პოლიტიკური ვენდეტა, პოლიტიკური შურისძიება და ის უნდა დაკავდეს პრობლემების მოგვარებით და ქვეყნის ძალების მობილიზაციით უკრაინის ამბების ფონზე, იმიტომ, რომ საქართველომ გაუძლოს იმ შემოტევის მორიგ ტალღას, რომელიც ახლოვდება რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ: 

 

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში, თებერვალში გამართულ უმაღლეს შეხვედრაზე ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმებს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის სწრაფ პროგრესს მოახმაროს”.-ნათქვამია განცხადებაში.  

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი