ახალი ამბები

შსს–მ ბათუმის საკრებულოს წევრი თაღლითობაში დახმარების გაწევის ფაქტზე ამხილა

23 მარტი, 2014 •
შსს–მ ბათუმის საკრებულოს წევრი თაღლითობაში დახმარების გაწევის ფაქტზე ამხილა

შსს–ს განცხადებით, სამართალდამცველებმა კიდევ ორი მოქალაქე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ამხილეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის ივლისში გ.დ.-მ და მისმა შვილმა მ. გ-მ ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი 863 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი თვითნებურად შეღობეს. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართეს, თითქოს გ. დ. 20 წლის განმავლობაში ფლობდა მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება ითხოვეს. ბათუმის საკრებულოს წევრმა და ამასთანავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარე მამული ჟღენტმა გ. დ-სა და მ. გ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და კომისიის წევრები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, რომ გ.დ-სთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. აღნიშნული გზით გ. დ. და მ. გ. 863 კვ.მ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ, რითიც სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 149149 ლარის მატერიალური ზარალი მიადგა”.– ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

“ნეტგაზეთი’ დაუკავშირდა თავად მამული ჟღენტს, რომელმაც განაცხადა, რომ მან არ იცის, თუ რა ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სანამ ამ ინფორმაციას უშუალოდ არ გაეცნობა, მანამდე ვერ ისაუბრებს. შსს–მ ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საკრებულოს წევრს უწყების წარმომადგენელი ბრალდებას აცნობს. 

გამოძიება მამული ჟღენტის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნების და თაღლითობაში დახმარების გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს, ხოლო საქმეში მონაწილე ორი პირის მიმართ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი