ახალი ამბები

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით ემუქრება

11 სექტემბერი, 2018 • 1815
აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), შეწყვიტოს ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ. კერძოდ, გაყინავენ მათ ანგარიშებს აშშ-ში, აუკრძალავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება.

მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო “არალეგიტიმური” ორგანოა და აშშ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) გაერომ 2002 წელს შეთანხმებით დააფუძნა და მას მსოფლიოს 123 ქვეყანა შეუერთდა, თუმცა ამ შეთანხმებას არ შეუერთდა სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი და აშშ. თუმცა შეთანხმება რატიფიცირებული აქვს ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას. აღნიშნული სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებებს, გენოციდსა და დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, აღნიშნული სასამართლო წყვეტს კონკრეტულ პირთა ბრალეულობისა და პატიმრობის საკითხსაც.

როგორც BBC იტყობინება, აშშ-ის განაწყენების ორი ძირითადი საფუძველი არსებობს: პირველი მიზეზი არის ICC-ის პროკურორ ფატუ ბენსუდას მიერ გასულ წელს დაყენებული მოთხოვნა ავღანეთში ომის დანაშაულებების გამოძიების შესახებ, რაც მოიცავს ამერიკელი სამხედროებისა და დაზვერვის თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებსაც. აშშ-ის გაღიზიანების მიზეზია ICC-ის 2016 წლის ანგარიშიც, სადაც წერია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) ავღანეთში მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო ციხეები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომის შესაძლო დანაშაულებები ჩაიდინა როგორც ავღანეთის მთავრობამ, ისე – თალიბანმა.

მეორე მიზეზი, რის გამოც ჯონ ბოლტონი სანქციებით დაემუქრა ICC-ს, ეხება პალესტინის სურვილს, სასამართლომ გამოიძიოს პალესტინაში ისრაელის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებები.

ჯონ ბოლტონის თქმით, ICC “საფრთხეს უქმნის აშშ-ის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, სასამართლოში არის checks and balances-ის ნაკლებობა (რაც კონტროლის ნაკლებობას გულისხმობს) და ასევე, აშშ-ის ხელისუფლებისთვის სამართლის უმაღლესი წყაროა აშშ-ის კონსტიტუცია და არაფერი სხვა.

სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბესნუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

მთავარ ფოტოზე: ჯონ ბოლტონი. ფოტო: Jeff Malet Photography/Newscom

მასალების გადაბეჭდვის წესი