“ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდა, კერძოდ ის, რომ ნატო გადადის ახალ პოლიტიკაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რასმუსენმა ჩვენთან შეხვედრის დროსაც გაგვიზიარა რამდენიმე მოსაზრება და საჯარო გამოსვლისასაც აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ნატოს მოუწია სერიოუზული ცვლილებების შეტანა მის განვითარების გეგმებში. იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რუსეთიდან მოდის, ნატო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს”.– განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო სამი მიმართულებით გეგმავს ცვლილებებს: წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა, დახმარება უშუალოდ უკრაინისთვის და რუსეთთან დაკავშირებული საკითხები.
“წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა და ამ თვალსაზრისით ბალტიისპირეთი, პოლონეთი, სხვა ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ მოსაზღვრენი არიან რუსეთის, მიიღებენ დამატებით დახმარებას. მეორე, დახმარება უშუალოდ უკრაინისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კონკრეტულად სამხედრო დახმარებაზეც გაკეთდა აქცენტი– უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება და მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლება. ასევე მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა გაღრმავდება, რომლებიც ნატოსთან უკვე მრავალი წელია პარტნიორულ ურთიერთობაში არიან. მესამე მიმართულება, უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები, ნატომ პრაქტიკულად შეაჩერა ყველა დონეზე საუბარი რუსეთთან და ძალიან კონკრეტულ ზომებზეა საუბარი. ცხადია, ყველა ცდილობს, რომ არ მივიდეს საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ამისთვის არ ემზადება ნატო, მაგრამ, როგორც თავდაცვითი სისტემა, ახალ ნაბიჯებს დგამს”.– განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი ბრუსელის სამიტზე იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალურ მდივანს ანდერ ფოგ რასმუსენს, ევროსაბჭის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა, ასევე მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფორუმსა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.