ახალი ამბები

შენობაში, სადაც მოჭიდავეების დარბაზია, დედათა მონასტრის გახსნა სურთ

22 მარტი, 2014 •
შენობაში, სადაც მოჭიდავეების დარბაზია, დედათა მონასტრის გახსნა სურთ

მოჭიდავეთა კლუბის ერთ–ერთი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჭყონია ჰყვება, რომ მანამდე ამ ოთახში დევნილები ცხოვრობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც დევნილთა ოჯახმა ბინა მიიღო, ოთახში მონაზონი შესახლდა, რომელიც ამბობს, რომ იქ პატრიარქის კურთხევით იმყოფება და ამ შენობის ნაცვლად მალე დედათა მონასტერი აშენდება.

ეკლესია, რომელიც მოჭიდავეთა კლუბის შენობის გვერდით მდებარეობს
ეკლესია, რომელიც მოჭიდავეთა კლუბის შენობის გვერდით მდებარეობს



იმ შენობის გვერდით, სადაც მოჭიდავეთა კლუბია, რამდენიმე წლის წინ ეკლესია აშენდა. როგორც ალექსანდრე ჭყონია იხსენებს, მოჭიდავეთა კლუბის შენობის დაკავება მაშინაც უნდოდათ:

“ეკლესიას რომ ხედავთ ამ შენობის გვერდით, ადრე იყო მანდ ფეხბურთის მოედანი, ოქროსუბნის ბავშვები თამაშობდნენ, ტურნირები ტარდებოდა. მერე მოვიდა საპატრიარქო, თქვა, რომ აქ იყო ეკლესია და მოდი, ავაშენოთ თავიდანო. კი, ბატონო, ააშენეს. ამის მერე დაგვიწყეს – თქვენი შენობაც ჰგავს ეკლესიასო და ამის დანგრევაც უნდოდათ, მაგრამ ეს მაშინ არ დაუნგრევიათ. ახლა მოვიდა ეს ქალი, ყველანაირი საბუთის გარეშე ჩასახლდა და გვეუბნება, მაჩვენეთ საბუთი – თქვენ რატომ ხართ აქო, აქ მონაზვნები უნდა დასახლდნენ და გალობა უნდა იყოსო. ერთხელ პატრულიც კი გამოიძახა და ჩვენს გაგდებას ითხოვს”, – ამბობს ალექსანდრე ჭყონია. ის წუხს, რომ შენობაში, სადაც არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა, საჭიდაო დარბაზის გაუქმება უნდათ:

“მე პირადად 20 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ. ჩვენ ორი მწვრთნელი ვართ, ორივეს მსოფლიო ჩემპიონები გვყავს გაზრდილი. არ მინდა დარბაზი გააუქმონ, მაგრამ ხმას ვიღებთ და ყველანი გვეუბნებიან – ეკლესიის წინააღმდეგ როგორ მიდიხართო. ეკლესია ჩვენც გვწამს, ღმერთი გვწამს, მონაზონს ვეუბნებით – პატრიარქის წერილი მაინც გვანახე, თუ საპატრიარქოდან ხარ-თქო და არავის არაფერს არ გვაჩვენებს. პატრიარქის წერილი რომ ჰქონდეს, კიდევ შეიძლებოდა რაღაცა დაგვეთმო”, – ამბობს მწვრთნელი.

ალექსანდრე ჭყონია
ალექსანდრე ჭყონია

 მონაზონი, რომელიც “ნეტგაზეთს” დედა ელისაბედის სახელით გაეცნო, ინტერვიუზე უარს აცხადებს, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ მას სხვა საცხოვრებელი ფართი გააჩნია და ამ ადგილზე მხოლოდ იმის გამო მოვიდა, რომ შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეშია ჩართული. მისი თქმით, ამ საკითხზე ის პირადად პატრიარქსაც შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური დოკუმენტები არ არსებობს, შენობის გადაცემაზე თბილისის მერიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამის დასადასტურებლად დედა ელისაბედმა “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, მერაბ ჩიქობავასთან დაკავშირება ურჩია.

მერაბ ჩიქობავა აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან ოფიციალური მოლაპარაკებები შენობის გადაცემაზე არ მიდის იმის გამო, რომ აღნიშნული შენობა ჯერჯერობით მერიის საკუთრებაში არ ირიცხება, თუმცა დედა ელისაბედთან მას საუბარი ნამდვილად ჰქონდა:

“ამ შენობის მესაკუთრე ჯერ არ არის დადგენილი, სასამართლოში დავა მიმდინარეობს “ცენტრ პოინტსა” და თბილისის მერიას შორის, დედა ელისაბედი იყო მოსული და ჩვენ განვუცხადეთ, რომ ჯერ სამართლებრივ თანხმობას ამ ეტაპზე ვერ მივცემთ ვერანაირს, ვერც მერია და ვერც მესაკუთრე”, – აცხადებს მერაბ ჩიქობავა და აღნიშნავს, რომ პირადად ის მხარს უჭერს შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას:

“დედა ელისაბედმა მითხრა, რომ “ცენტრ პოინტთანაც” ნასაუბრები აქვს და ისინიც თანახმა არიან, რომ დათმონ ეს შენობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე მხარს დავუჭერდი, რომ დათმობოდა დედათა მონასტერს ეს შენობა. კონსტრუქციულად ამ შენობას ვერ გააკეთებ ისე, რომ რამე სტანდარტი დააკმაყოფილოს, ამიტომ აქ ისევ სპორტული კომპლექსის აშენება მაინც წარმოუდგენელია. დედა ელისაბედმა ასევე გვითხრა, რომ თუ ეს შენობა საპატრიარქოს დაეთმობა, ისინი მზად არიან გამოყონ ერთი ოთახი, რომელიც სახელოვანი სპორტსმენების მუზეუმივით გაკეთდება, რომ ეს ისტორია არ დაიკარგოს”, – აცხადებს მერაბ ჩიქობავა.

 

 

ჩიქობავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერიამ სასამართლო დავა მოიგო, მას ამ ფართის საპატრიარქოსთვის ჩუქება გაუჭირდება:

“ერთმნიშვნელოვნად მერიასაც არ შეუძლია ჩუქება ამ ფართის, კანონი არ იძლევა ამის საშუალებას. აქ არის შეთანხმებაზე, შეთანხმება უნდა მოხდეს. არ არის გამორიცხული რაიმე თანხის გადახდა მოუწიოს საპატრიარქოს”, – ამბობს ჩიქობავა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ბავშვებისთვის, ვინც ჭიდაობის წრეზე ამჟამად დადის, რაიმე ახალი ფართი გამოიყოფა, რადგან ბავშვები კარგ შენობაში ვარჯიშის შემთხვევაში უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ხოლო ეს შენობა ყველაზე უკეთ დედათა მონასტერს გამოადგება.


“ცენტრ პოინტის” ერთ–ერთი მფლობელი ვახტანგ რჩეულიშვილი ადასტურებს იმას, რომ მონაზონი მათაც დაუკავშირდა:

 

“ვიცი ამის შესახებ, ეს ქალბატონი ჩვენც დაგვიკავშირდა, ამ შენობის გვერდით ეკლესიაა და შეერთება უნდათ, მაგრამ ოფიციალურად საპატრიარქოსთან მოლაპარაკება არ ყოფილა, რადგან ჩვენ საპატრიარქოს ამხელა საჩუქარს ვერ გავუკეთებთ. ჩვენ ჯერჯერობით ვალები გვაქვს გასასტუმრებელი. თუ გავისტუმრეთ ეს ვალები და შესაძლებელი გახდა, მაშინ დიდი სიამოვნებით”, – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საპატრიარქოსაც, სადაც მერიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს:

“ყურმოკვრით კი გამიგია ამის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა გიორგი ზვიადაძემ და პატრიარქის მდივანთან, მიქაელ ბოტკოველთან გადაგვამისამართა.

“არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს. არ ვყოფილვარ საპატრიარქოში. დღეს ვერაფერს გაგირკვევთ,” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

 

შენობაზე ჯვარია გამოსახული, რის გამოც აცხადებდნენ, რომ ადრე შესაძლოა მონასტერი ყოფილიყო
შენობაზე ჯვარია გამოსახული, რის გამოც აცხადებდნენ, რომ ადრე შესაძლოა მონასტერი ყოფილიყო

შენობა სადაც მოჭიდავეთა კლუბი ფუნქციონირებს
შენობა სადაც მოჭიდავეთა კლუბი ფუნქციონირებს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი