საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამთო გამამდიდრებელი ქარხანა ეკუთვნოდა “საქართველოს მანგანეზს”, რომელიც შპს “დათუნიმ” გამოისყიდა. შპს “დათუნი” აწარმოებდა ქარხნის დემონტაჟს, რის დროსაც მუშები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.
“მოხდა კედლის ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის დაშავება. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში იმყოფება. ჩვენი წარმომადგნელები ცდილობენ გაიოგონ დაწვრილებითი ინფორმაცია. სახეზეა ფაქტი იმისა, რომ არ არის სპეციალური სახელმწიფო უწყება, რომელიც გააკონტროლებს შრომით პროცესებს”,- განაცხადა თემურ გვენეტაძემ, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის მოადგილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.





