ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობს აქცია “1 საათი მოსმენების გარეშე”

21 მარტი, 2014 •
როგორ მიმდინარეობს აქცია “1 საათი მოსმენების გარეშე”

“კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ვიწყებთ აქციას „1 საათი მოსმენების გარეშე“, რომელიც, ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში მიღებამდე, ყოველ პარასკევს, 13:00-დან 14:00 საათამდე მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს. ჩვენ, კამპანიის მონაწილეები, ყოველ პარასკევს, 13:00-დან 14:00 საათამდე გამოვრთავთ მობილურ ტელეფონებს! მოქალაქეებს, რომელებსაც არ გსურთ ფარული მიყურადებისა და მოსმენების დანერგილი პრაქტიკის გაგრძელება და გინდათ შეცვალოთ მოქმედი კანონმდებლობა, გთავაზობთ, პარასკევს, 13:00 საათზე, ცოტა ხნით ტელეფონის გამორთვით ჩაერთოთ ჩვენს აქციაში და ჩვენთან ერთად მოითხოვოთ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ეს შენ გეხება, ისევ გისმენენ! იყავი სოლიდარული, ერთად მოვითხოვოთ ცვლილება”, – აცხადებენ კამპანიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები.

 

ნეტგაზეთმა შეამოწმა რამდენიმე ისეთი ადამიანის ტელეფონის ნომრები, რომლებსაც აქციაში მონაწილეობა აქვთ დეკლარირებული. გაირკვა, რომ ლაშა ტუღუშს, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, კახა კოჟორიძეს, თამარ კორძიას, ირაკლი ვაჭარაძეს, ზვიად დევდარიანს ტელეფონები მართლაც გამორთული აქვთ. ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც ზემოხსენებული კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორია, ტელეფონი ჩართული აღმოაჩნდა, თუმცა მან თქვა, რომ აღნიშნული აქციის დაწყების შესახებ დაავიწყდა და ტელეფონი მალევე გათიშა.

 

აქცია “1 საათი მოსმენების გარეშე” 14:00 საათამდე გრძელდება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი