როგორც მაია ხუციშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ძაძამიას და ლევან ჩაჩუას ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ, ის მუხლები, რომლითაც მათ ბრალი წარუდგინეს, გამონაკლისს მიეკუთვნება და ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის:
“ხანდაზმულობის ვადა დამოკიდებულია დანაშაულის კატეგორიაზე. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე არის 6 წელი, მძიმეზე- 8 წელი და ა.შ. 342–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულს. თუმცა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში დათქმა, რომლის თანახმადაც 332–342 პრიმა მუხლებზე ხანდაზმულობის ვადა 15 წელია, ეს ნიშნავს, რომ დათქმა ვრცელდება 332–დან ყველა მუხლზე 342 პრიმას ჩათვლით. ანუ ამ მუხლებზე ხანდაზმულობის ვადა გასული არაა”, – აცხადებს მაია ხუციშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მუხლები ამნისტირებულია და სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას ითვალისწინებს:
“ეს მუხლები ამნისტირებულია ნაწილობრივ, სრულ გათავისუფლებას არ ექვემდებარება, ექვემდებარება მხოლოდ სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას. ეს შეეხება მხოლოდ პატიმრობის ვადის შემცირებას და არა ჯარიმას”, – აცხადებს მაია ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





