“გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გილოცავთ ამ ლამაზ დღეს, ამ ლამაზ დღესასწაულს, ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. მე ვუერთდები დღეს თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს ამ სიხარულს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად შრომობდნენ, ერთად ემსახურებოდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს, იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირს და ლხინს. ასე იყვნენ ჩევნი წინაპრები, ასე ვართ ჩვენც და მე მჯერა, რომ ჩვენი შვილებიც გააგრძელებენ ამ ტრადიციას. თქვენ ხართ განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი, სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებთ მთლიან საქართველოს, ეს ჩვენთვის, მთლიანად მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და პრიადად მე ძალ–ღონეს არ ვიშურებ, თქვენი ეს შრომა დავაფასო ადეკვატურად. მე გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა, ის, რაც შეიქმნება ჩვენს სამშობლოში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ შვილებს ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების პირობები. მიხარია, რომ აქაური ახალგაზრდობა ძალიან მონდომებულია იცოდეს ქართული ენა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ სახელმწიფო ენის შესწავლის პროექტებში. ქართული ენის ცოდნა მათ დაეხმარებათ სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, უმაღლესი განათლების მიღებაში და საბოლოოდ ისინი შეძლებენ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში. მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან, აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ვიცი, რომ თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია აზერბაიჯანიც და საქართველოც. დღეს, ჩვენ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ქართველებს ერთი ქვეყანა გვაქვს, ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას.
აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს საქართველოს სახალხო დამცველიც:
“პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღის სიხარულს იზიარებს. ნოვრუზი გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. დღეს საქართველოში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა და ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ვუსურვებდი ყველას, რომ ამ დღესასწაულის სიხარულს სითბო და სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მისალოც ტექსტში.