ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

9 სექტემბერი, 2018 • 1321
“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის დაუჭერენ მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ, 8 სექტემბერს დასრულდა. როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, “ოცნებას” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა, პარტიის წევრები ღიად საუბრობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში შესაძლოა მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  შერჩეულ პირს “ქართული ოცნება” ფინანსურადაც დაეხმარება. კერძოდ, მმართველი პარტიის შემომწირველებს მოუწოდებენ, თანხა შერჩეული კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ:

“8 სექტემბერს, 6 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს.

მხარდაჭერა იქნება ფართო, შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ  7 სექტემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი