გამოძიების ცნობით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.
“კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტომასალებით. ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაციას, თუ როგორ, რა გზით და ვის მიერ მოხდა აღნიშნული მასალების გავრცელება.