ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი სარალიძის მკვლელის დასახელებას “ევროპულ საქართველოსგან” ითხოვს

8 სექტემბერი, 2018 • 2683
იუსტიციის მინისტრი სარალიძის მკვლელის დასახელებას “ევროპულ საქართველოსგან” ითხოვს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას სრულ კრახს უწოდებს. წულუკიანის წერილობითი განცხადება სამინისტროს პრესსამსახურმა დღეს, 8 სექტემებერს, გაავრცელა.

წულუკიანის მოსაზრებით, კომისიის დასკვნა, რომელსაც “ქართული ოცნება” არ ეთანხმება და მომზადდა “ევროპული საქართველოს” წევრთა შეხედულებების მიხედვით (კომისიაში სწორედ ეს პარტია ფლობს უმრავლესობას), არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე – ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

“როდესაც კომისიის სხდომაზემივედი “ნაციონალური მოძრაობის”, ახლა უკვე “ევროპული საქართველო” რომ ჰქვია, წევრებისგან ასეთი მჭევრმეტყველება ვერ ვნახე. მათ კითხვებიც კი არ ჰქონდათ ჩემთან მიმართებით ან გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის კითხვების დასმა არ ღირდა, რადგან სხდომა ღიად გადაიცემოდა და ამ კითხვა-პასუხის რეჟიმში თავს გაიპამპულებდნენ საზოგადოების წინაშე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასკვნა არის საკუთარი თავის − ვგულისხმობ ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას”, ამჟამად “ევროპულ საქართველოდ” წოდებულს − გაპამპულება”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის მოსაზრებით, “ევროპულმა საქართველომ” კომისასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინი შექმნა.

“ამდენი საგამოძიებო “მოქმედება” რომ ჩაგიტარებიათ, როგორც ამას საზოგადოებას ჰპირდებოდით ,მკვლელის გვარი დაასახელეთ! სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც “ევროპული საქართველო” − “ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფი − საზოგადოებას ჰპირდებოდით? როცა სხდომაზე მოვედი, კითხვები რატომ ვერ დასვით მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეგყავდათ, თითქოს წულუკიანის ბრალია ის, რომ გამოძიება, მათივე გადასახედიდან, სწორად ვერ მიდიოდა. ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება. მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს?!”

გარდა დავით სარალიძის მკვლელის დასახელებისა, თეა წულუკიანი ოპოზიციური პარტიისგან ითხოვს, “დაასახელონ, სად არის და აღმოაჩინეს თუ არა ცივი იარაღი თუ იარაღები, რომლის აღმოჩენასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ”.

“ვინაიდან კომისიამ სამუშაო დაასრულა, შემიძლია შევაფასო, რომ კომისიის საქმიანობა და “ევროპული საქართველოს” მიერ წარმოებული კამპანია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლს, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს” – მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი. მისივე შეფასებით, “ევროპულმა საქართველომ” საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ანგაჟირებულად წარმართა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორვას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები კომისიაში შემავალი “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არიან.

საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაცილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე.

ამასთან, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მირზა სუბელიანის ქმედებებზეც. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხდარის პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ორი არასრულწ;ოვნის მკვლელობის გამოძიება, შეიძლება, მიკერძოებულად წარმართულიყო, რადგან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის შვილი.

კიდევ ერთი რეკომენდაცია  მოწმეთა მიმართ ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ეხება. ასევე, დეპუტატების შეფასებით, გამოძიება ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილის,  გ.მ-ს დაჭრის ფაქტზეც უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო კომისია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, რეაგირება მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, მათ შორის კომისია მიიჩნევს, რომ შს და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასევე,  გამოძიების დაწყება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე.

არასრულწლოვნები – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე – 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, თანატოლებთან ჩხუბის დროს მოკლეს. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები დავით სარალიზეს. მისი მკვლელობისთვის ბრალი ერთ არასრულწლოვანს წაუყენეს, თუმცა სასამართლომ აღნიშნული პირი სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გაამართლა.

2018 წლის მაისში მოკლული სარალიძის მამის ინიციატივით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც მოჰყვა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და საქმის გამოძიების პროკურატურიდან შსს-ში დაბრუნება. სწორედ ამ პროცესის გამოძახილი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. თეა წულუკიანი თავიდანვე ამბობდა, რომ ვერ ხედავდა ხარვეზებს ირაკლი შოთაძისა და მთავარი პროკურატურის ქმედებებში, ასევე, მისივე რწმენით, არ უნდა გადამდგარიყო მთავარი პროკუროი. ამის გამო, ოპოზიცია და სარალიძის ოჯახი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ საქმეზე, წულუკიანსაც აკისრებს.

დადუნაშვილი-სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისიის დასკვნა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი