საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გულშემატკივრები მსაჯებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
“ანგარიში 2:2 იყო, როცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე „მერანმა“ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯებმა ერთხმად დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა. ამის შემდეგ ტრიბუნებზე მდგომარეობა დაიძაბა. მარტვილელთა გულშემატკივრებმა მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. სულ ცოტა ხანში კი დაახლოებით 200-მდე ადამიანი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად, მატჩის დასრულება შეუძლებელი გახდა. მსაჯები კი იყვნენ თორნიკე გვანცელაძე, ბესო ჭიჭინაძე, გურამ ჩიგოგიძე და ლევან კვარაცხელია”, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, ტატო კუჭავას ინფორმაციით კი, მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიჭრა და მათგან ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის:
“ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა სტადიონზე, სამართალდამცავები უკვე ჩაერთნენ საქმეში, მიმდინარეობს კადრების გაშიფვრა და სამართალდამრღვევი პირები, ვინც დაარღვია კანონი, დაკავებული იქნებიან ადმინისტრაციული წესით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ტატო კუჭავამ.