ახალი ამბები

მასწავლებლების ანგარიშებიდან უნებართვოდ გადარიცხული ფულის საქმეს შსს იძიებს

7 სექტემბერი, 2018 • 10287
მასწავლებლების ანგარიშებიდან უნებართვოდ გადარიცხული ფულის საქმეს შსს იძიებს

ხაშურელი მასწავლებლების საქმეზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს.

2018 წლის ივლისში ხაშურელი მასწავლებლის სიმონ შუბითიძის, მისი თანამშრომლის, ლელა მეტრეველისა და მეტრეველის მეუღლის საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადაირიცხა ტოტალიზატორებში — ლიდერბეთსა და კრისტალბეთში.

შუბითიძეს 710 ლარი ჰქონდა ლიბერთი ბანკის ანგარიშზე. 18 ივლისს, შუაღამისას, მას მიყოლებით მიუვიდა შეტყობინებები მობილურზე, სადაც ატყობინებდნენ, რომ ანგარიშიდან რამდენჯერმე ჩამოეჭრა 101 ლარი. დანარჩენ ორ დაზარალებულსაც ლიბერთი ბანკში ჰქონდა ანგარიში.

ბანკში მისვლის შემდეგ ისინი პოლიციაში გადაამისამართეს, სადაც თავდაპირველად საკითხის მოკვლევა დაიწყეს.

ნეტგაზეთს 6 სექტემბერს შსს-ში დაუდასტურეს, რომ ამ საქმეებზე “კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები” მიმდინარეობს — ისინი ამოწმებენ საბანკო ანგარიშებს, ცდილობენ გაჰყვნენ თანხის კვალს და ა.შ. თუმცა ჯერჯერობით არ დამდგარა კონკრეტული შედეგი.

აგვისტოში, როდესაც ნეტგაზეთმა ამ ამბავზე სტატია მოამზადა, ლიბერთი ბანკში გვითხრეს, რომ მოკვლევა დაიწყეს. ნეტგაზეთმა ბანკის პრესსამსახურთან დაკავშირება ახლაც სცადა, თუმცა ბანკში გვითხრეს, რომ პრესსამსახურის უფროსი შვებულებაშია და მის ნაცვლად ჩვენს კითხვებს სხვა ვერავინ უპასუხებს.

“ათობით დაზარალებული”

მას შემდეგ, რაც თანხა მოპარეს, ლელა მეტრეველმა დახმარების თხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს”. ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ფერაძემ ფეისბუკზე საჯაროდ დაწერა მეტრეველის საქმის შესახებ. როგორც ფერაძემ გვითხრა, ამის შემდეგ მას დაახლოებით 80 ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც მსგავსი ისტორიები უამბეს.

ფერაძის თქმით, ამ ისტორიებს, რომლებიც ერთმანეთისგან მცირედი დეტალებით განსხვავდება, საერთო მახასიათებლები აქვს: ათობით ადამიანს (ფერაძის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად მასწავლებლები), რომლებსაც საბანკო ანგარიშები ან თიბისი ან ლიბერთი ბანკში აქვთ, უეცრად ეხსნებათ სხვადასხვა რაოდენობის თანხა ანგარიშებიდან. თანხის რაოდენობა, ერთჯერადად, ასე, 50 ლარიდან იწყება და ზოგიერთს 2500 ლარიც კი აქვს დაკარგულიო, გვითხრა პედაგოგთა ცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე ცნობით, ამ ადამიანებისგან მხოლოდ ზოგიერთმა მიმართა პოლიციას. ერთობლივად მათ საჩივარი არ შეუტანიათ. შესაბამისად, შსს-ში ვერ დაგვიდასტურეს, რომ არსებობს ერთი საერთო გამოძიება, რომელიც ამ საქმეებს ერთი სავარაუდო ხაზით იძიებს.

თუმცა ფერაძე ამბობს, რომ შესაძლოა მომავალში ერთობლივად დაიწყონ სასამართლო დავა ლიბერთისა და თიბისის წინააღმდეგ იმ არგუმენტით, რომ თუკი, ფერაძის შეფასებით, ამ ბანკებს არაფერი საერთო ჰქონიათ თანხის “გაქრობასთან”, ისინი პასუხისმგებლობას მაინც იზიარებენ იმის გამო, რომ შესაფერისად არ დაიცვეს მომხმარებელთა ანგარიშები.

ნეტგაზეთმა დაადასტურა, რომ კიდევ ერთ მასწავლებელს, ამჯერად ჩხოროწყუში, მსგავსი შემთხვევა გადახდა და ანგარიშიდან ორჯერ — 2017 და 2018 წელს — დაკარგა დაახლოებით 100-100 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი