ახალი ამბები

კობახიძე: 9 სექტემბერს გახდება ცნობილი, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

7 სექტემბერი, 2018 • 1288
კობახიძე: 9 სექტემბერს გახდება ცნობილი, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება, “ქართული ოცნების” წევრები იმსჯელებენ, თუ ვის უნდა დაუჭიროს პარტიამ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის წევრები კვირას, 9 სექტემბერს შეიკრიბებიან და ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადებენ მხარდაჭერას. კობახიძის თქმით, შერჩეულ პირს “ქართული ოცნება” ფინანსურადაც დაეხმარება. კერძოდ, მმართველი პარტიის შემომწირველებს მოუწოდებენ, თანხა შერჩეული კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ:

“8 სექტემბერს, 6 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს.

მხარდაჭერა იქნება ფართო, შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის 38 კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი